
"50 წლის საფერავის ვენახი მთლიანად წაიღო, ფაქტობრივად აღარ არსებობს" - "იას მეღვინეობა" სტიქიის შედეგებზე
თელავში სტიქიამ „იას მეღვინეობას“ წინანდლის მიკროზონაში მდებარე 50-წლიანი საფერავის ვენახი სრულად გაუნადგურა. როგორც BMGTV-ის გადაცემაში “ქალების ნარატივი” „იას მეღვინეობის“ დამფუძნებელმა, ია იმერლიშვილმა განაცხადა, ადიდებულმა კისისხევმა მისი ვენახი მთლიანად წაიღო.
მისი თქმით, თავდაპირველად არც წარმოედგინათ, რომ სტიქია მათ ვენახებსაც შეეხებოდა, თუმცა ადგილზე მისულებს მძიმე სურათი დახვდათ.
„ფაქტობრივად წაღებულია ჩვენი ვენახი. ეს იყო 50 წლის საფერავის ვენახი, საკმაოდ ძლიერი ვარჯებით, რომელიც კარგ მოსავალს გვაძლევდა. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხიან ღვინოზე, ის სწორედ ასეთი ვენახებიდან იწყება. ასეთი ვენახი სტიქიის დროს გაგვინადგურდა“, – განაცხადა იმერლიშვილმა.
მისი შეფასებით, დანაკარგი მხოლოდ მიმდინარე წლის მოსავალს არ ეხება. როგორც ის ამბობს, ვენახის აღდგენა მრავალწლიან პროცესს მოითხოვს, ხოლო ჯერ უცნობია, იქნება თუ არა დაზიანებული ტერიტორია საერთოდ ვაზის გასაშენებლად გამოსადეგი.
„საფერავის ვენახი მთლიანად წაიღო, ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ მოსავალს წელს ვერ მივიღებთ და არც ვიცით, საერთოდ აღდგება თუ არა ამ მიწაზე ვაზის გაშენების შესაძლებლობა. ამას შესაბამისი კვლევები და დასკვნები სჭირდება. ვაზი ისეთი კულტურა არ არის, რომელიც დარგვიდან მალევე იძლევა ხარისხიან მოსავალს, ამიტომ საუბარია წლების განმავლობაში აღდგენის პროცესზე,“ – აღნიშნა მან.
იმერლიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის დონემ დაიკლო, ტერიტორიაზე გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია, რადგან ხეობაში დიდი რაოდენობით ნაშალი მიწა, ქვა და ღორღია ჩამოტანილი. „ადგილზე ფიზიკურად გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. მხოლოდ დრონით გადაღებული ფოტოები ვნახეთ. ველოდებით, რომ ტერიტორია შედარებით გაშრება და იქ შესვლას შევძლებთ“, – განაცხადა მეღვინემ.
აგროდაზღვევის თემაზე საუბრისას ია იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული სისტემა მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენებისგან სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფს და ფერმერებისთვის პრევენციული ზომების დამოუკიდებლად გატარება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი დაზარალებული ტერიტორიების დროული აღრიცხვა, შეფასება და სპეციალისტების დასკვნების მომზადებაა.
"სასწრაფოდ უნდა შეფასდეს და აღირიცხოს ყველა დაზარალებული. მნიშვნელოვანია, გვქონდეს ექსპერტების დასკვნა, რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომდევნო წლებში. თუ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, შესაძლოა, დღეს გადარჩენილ ვენახებსაც მომავალში საფრთხე შეექმნას", – განაცხადა ია იმერლიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge