
6 წელში სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები ტექნიკის ბენეფიციარები ₾42 მილიონით დააფინანსა
ფერმერისთვის მოსავლის ასაღები ტექნიკის პრობლემა აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 წელიწადში სოფლის განვითარების სააგენტომ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 42 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
სააგენტოს მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2019-2025 წლებში პროგრამით 588 ბენეფიციარმა ისარგებლა, მათგან ყველაზე მეტი იურიდიული პირია [207], რომელთაც სახელმწიფოსგან თანადაფინანსების ჯამური ბიუჯეტის თითქმის ნახევარი [₾20,9 მლნ] მიიღეს.
სოფლის განვითარების სააგენტოში BMG-ს უდასტურებენ, რომ პროგრამა აგროთანადაფინანსების ახალი მოდელის პირობებშიც უცვლელად გრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში წელს 5.8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სააგენტო ერთ ბენეფიციარს მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, არაუმეტეს 150 000 ლარით დაუფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას უკავშირდება კორუფციის საკმაოდ გახმაურებული საქმე, რის გამოც საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 1 აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დააკავა. ის პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და, სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას.
2025 წლის 18 ივლისს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში, 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი
გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები.
წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტომ ბრალდებულებს მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარის ოდენობით.
BM.GE
წყარო: bm.ge