
600-ზე მეტი დაღუპული და 2500-მდე დაკარგული - რა ვითარებაა ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე?
ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე სტიქიის მასშტაბი დღითი დღე უფრო ნათელი ხდება. წყალდიდობის შედეგად ორივე ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 2500 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა შორის არიან ათობით ამერიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
სტიქიამ განსაკუთრებით მძიმე კვალი სასაზღვრო რაიონებში დატოვა. CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს ერთ-ერთი დაზიანებული სასაზღვრო გადასასვლელი თითქმის მთლიანად განადგურებულია. სახელმწიფო მედიის ცნობით, ადგილზე გადარჩენილების კვალიც კი არ ჩანს.
საინფორმაციო გამოცემა წერს, რომ უმძიმესი ვითარებაა ნეპალშიც. ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყალდიდობამ, სავარაუდოდ, მთელი სოფელი წაიღო, ადგილობრივ მოსახლეობას კი დახმარება სასწრაფოდ სჭირდება. ამ ფონზე მაშველებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ. დაზარალებულ რაიონებში ამ შაბათ-კვირას კვლავ ძლიერ წვიმას ელიან. სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სტიქიის შედეგად წარმოქმნილ მეორე ტბასაც, ვინაიდან მისი გადავსების შემთხვევაში შესაძლოა ახალი წყალდიდობა დაიწყოს.
CNN წერს, რომ მაშველებისთვის დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტიქიიდან 72 საათის გასვლასთან ერთად სამაშველო სამუშაოებისთვის ე.წ. „ოქროს ფანჯარა“ იკეტება.
სტიქია ოთხშაბათს მოხდა, როდესაც მყინვარის ჩამოშლამ გამოიწვია ღვარცოფი, რომელმაც ჰიმალაის მთების მდინარეთა სისტემებში კლდეების, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების დიდი მასა ჩაიტანა.
BM.GE
წყარო: bm.ge