
7%-იანი ეკონომიკური ზრდა, საშუალო კურსი 2.66 ₾/$ - როგორია Galt & Taggart-ის პროგნოზები?
Galt & Taggart-ის ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა და 2026 წლისთვის 7%-ის დონეზეა.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რეკორდულად დაბალ, მშპ-ის 2.4%-იან დონეზე იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, მოლოდინია, რომ საშუალო კურსი 2.66 ლარი/აშშ დოლარი იქნება.
2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.8%-ის დონეზე შენარჩუნდა, Galt & Taggart-ის მოლოდინით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. ამასთან, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების პროგნოზი 4.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის მაისში წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7.8% შეადგინა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო ფინანსური სექტორი, ICT (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები), მრეწველობა და ტრანსპორტი. ჩვენ ვინარჩუნებთ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-ის დონეზე.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2026 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 3.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ კვარტალში 7.9% იყო. გაუმჯობესება დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითად კომპონენტში. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რეკორდულად დაბალ, მშპ-ის 2.4%-იან დონეზე იქნება.
ლარი 2026 წლის ივნისში აშშ დოლართან მიმართებით 0.9%-ით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 2.65 ლარი/აშშ დოლარი შეადგინა. ამავე დროს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რეკორდულ 7 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, მათ შორის მხოლოდ 2026 წლის მაისში 632.9 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი იქნება 2.66 ლარი/აშშ დოლარი",- წერია მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge