
მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია
ჩვეულებრივი მობილური ზარებიდან დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის მომსახურე უზარმაზარი ქსელებით დასრულებული - ტელეკომ-ინდუსტრია თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა, სადაც ასობით მილიარდი დოლარი ტრიალებს.
წარმოგიდგენთ პლანეტის 10 უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო გიგანტს საბაზრო ღირებულების მიხედვით.
10. American Tower - $81.15 მლრდ
რეიტინგს "American Tower Corporation" ხსნის - უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი (REIT), რომელიც თავად უშუალოდ სატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების ნაცვლად უკაბელო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას ფლობს და მართავს. 81.15 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით, კომპანია თავისი ანძების პორტფელში არსებულ სივრცეებს მსხვილ ოპერატორებზე აქირავებს. რაც მას უნიკალურ, გარანტირებულ შემოსავალზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელს უქმნის. "American Tower" ასევე აფართოებს საქმიანობას მონაცემთა პერიფერიული ცენტრების მიმართულებითა და საერთაშორისო ბაზრებზე (მათ შორის აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში).
9. Comcast - $88.73 მლრდ
კომპანია "Comcast" მეცხრე ადგილზე 88.73 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია აშშ-ში ძირითადად ცნობილია, როგორც საკაბელო ტელევიზიისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პროვაიდერი ("Xfinity" ბრენდით), ის ასევე მსხვილი მედია და გასართობი გიგანტია "NBCUniversal"-ის მეშვეობით (რომელიც "NBC"-ს, "Peacock"-სა და "Universal Pictures"-ს აერთიანებს).
8. NTT (Nippon Telegraph & Telephone) - $92.38 მლრდ
იაპონიის ყოფილი სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო მონოპოლია "NTT", რომელიც ნაწილობრივ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს 92.38 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. "NTT" ამ სიაში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული მოთამაშეა: ის მოიცავს როგორც შიდა და საერთაშორისო ოპერატორის სერვისებს ("NTT Docomo"), ისე IT სისტემურ ინტეგრაციასა და მონაცემთა ცენტრების მართვას ("NTT Global Data Centers"), რაც მას ხელოვნური ინტელექტის ბუმის საკვანძო ინფრასტრუქტურულ მიმწოდებლად აქცევს.
7. Bharti Airtel - $120.22 მლრდ
ინდოეთის სიდიდით მეორე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი "Bharti Airtel" მეშვიდე პოზიციაზეა 120 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით. "Airtel"-მა უდიდესი სარგებელი ინდოეთში მობილური ინტერნეტის სწრაფი ათვისებით მიიღო. 4G და 5G ქსელების აგრესიული გაფართოებით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე საკუთარ წილს სტაბილურად ზრდის. ინდოეთის ფარგლებს გარეთ "Bharti Airtel" თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით აფრიკის 14 ქვეყანაში ოპერირებს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ მობილურ ბაზრებზე მნიშვნელოვან წვდომას აძლევს.
6. Deutsche Telekom - $155.61 მლრდ
გერმანიის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი "Deutsche Telekom" მეექვსე ადგილზეა 155.61 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. კომპანიის ღირებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის საკონტროლო პაკეტთან ამერიკულ "T-Mobile"-ში, რომელიც გერმანული ჯგუფისთვის ზრდის ერთ-ერთ მთავარ ძრავად და მოგების ძირითად წყაროდ იქცა. საშინაო ბაზარზე კომპანია განაგრძობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის (FTTH) გაფართოებას გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, პარალელურად კი თავისი ქვედანაყოფის, "T-Systems"-ის მეშვეობით ინვესტიციებს კორპორაციულ ღრუბლოვან სერვისებში დებს.
5. AT&T - $175.76 მლრდ
ამერიკულ ოპერატორთა შორის საუკეთესო ხუთეულს "AT&T" ასრულებს 175.76 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცით. ბოლო წლებში "WarnerMedia"-სა და სხვა მედიააქტივების გასხვისების შემდეგ, კომპანიამ მთელი ყურადღება კვლავ ძირითად სატელეკომუნიკაციო ბიზნესზე გადაიტანა და კაპიტალის კონცენტრირება ოპტიკური ქსელის გაფართოებასა და უკაბელო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე მოახდინა.
4. T-Mobile US - $191.69 მლრდ
მეოთხე ადგილს "T-Mobile" იკავებს 191.69 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. 2020 წელს "Sprint"-თან შერწყმის შემდეგ, "T-Mobile" აბონენტების ზრდის ტემპით მუდმივად უსწრებს თავის უფრო დიდ კონკურენტებს, რასაც დაბალი და საშუალო სიხშირის (2.5 GHz) დიაპაზონზე აგებული 5G ქსელის საშუალებით აღწევს. ტრადიციულად ინერტულ ინდუსტრიაში "T-Mobile"-მა თავი სწრაფად მზარდ კომპანიად დაიმკვიდრა და აქტიურად ვითარდება სახლის ინტერნეტის, ბიზნესსერვისებისა და "SpaceX Starlink"-თან პარტნიორობით სატელიტური მობილური კავშირის მიმართულებით.
3. Verizon - $210.02 მლრდ
მესამე ადგილზეა "Verizon Communications" 210 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. როგორც აშშ-ის უკაბელო კავშირის "დიდი სამეულის" ერთ-ერთი წევრი, "Verizon"-ი თავის ბრენდს პრემიუმ საიმედოობაზე აგებს და დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ოპტიკურ ქსელსა ("Verizon Fios") და ფიქსირებულ უკაბელო ინტერნეტში (FWA).
2. China Mobile - $218.04 მლრდ
მსოფლიოში აბონენტების რაოდენობით უმსხვილესი მობილური ოპერატორი "China Mobile" მეორე პოზიციას იკავებს 218 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით. პეკინში დაფუძნებული ეს სახელმწიფო გიგანტი კონტინენტურ ჩინეთში თითქმის მილიარდ მომხმარებელს ემსახურება და აგრესიულად ნერგავს 5G-ს და სატესტო 6G ქსელებს. სამომხმარებლო მობილური სერვისების გარდა, "China Mobile" აქტიურად ფართოვდება ღრუბლოვანი გამოთვლებისა და კორპორაციული ციფრული სერვისების მიმართულებით, რაც პეკინის ტექნოლოგიური თვითკმარობისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.
1. SoftBank Group Corp. - $252.55 მლრდ
რეიტინგის პირველ ადგილზეა "SoftBank Group", რომელსაც მისი დამფუძნებელი მასაიოში სონი ხელმძღვანელობს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 252.55 მილიარდ დოლარს შეადგენს. მართალია, "SoftBank"-მა საქმიანობა იაპონური სატელეკომუნიკაციო და ინტერნეტკონგლომერატის სახით დაიწყო, თუმცა დღეს ის გლობალურ ტექნოლოგიურ საინვესტიციო გიგანტად იქცა, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფონდით ხელოვნური ინტელექტის, რობოტოტექნიკისა და ნახევარგამტარების სექტორებში. მისი შიდა მობილური ოპერატორი იაპონიის სატელეკომუნიკაციო "დიდი სამეულის" ერთ-ერთ წევრად რჩება, თუმცა ჰოლდინგის შეფასებას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს მისი ფსონები მომავალი თაობის AI ინფრასტრუქტურაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge