
71 პრეზიდენტი, 45 პრემიერი... - ვინ ესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას?
აშშ-ის ქალაქი ნიუ-იორკი გაეროს 81-ე გენერალური ასამბლეის დაწყებისთვის ემზადება. მრავალ ღონისძიებასთან ერთად მიმდინარე კვირას ყურადღების ცენტრში იქნება დაგეგმილი დებატები, რომლის დეტალებიც ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გაასაჯაროვა.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრებს 71 პრეზიდენტი, 45 პრემიერ-მინისტრი, 50 მინისტრი, 11 ვიცე-პრეზიდენტი და ერთი ტახტის მემკვიდრე პრინცი დაესწრება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაციები 1,500-ზე მეტ ორმხრივ მოლაპარაკებას გამართავენ. მათ დარბაზების დასაჯავშნად ადმინისტრაციას უკვე მიმართეს.
თავად ლიდერების გამოსვლას გაეროს ცენტრალური შტაბ-ბინა 22-დან 26 სექტემბრამდე და 28 სექტემბერს უმასპინძლებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გენერალური დებატების მონაწილეთა შორის გლობალური პოლიტიკის წამყვანი ფიგურები იქნებიან. ტრიბუნიდან სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გამოვლენ. ასამბლეის წინაშე მოხსენებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც წარდგება. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის დელეგაციას ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. საყურადღებო ფაქტია, რომ, ინდოეთის წარმომადგენლობას სათავეში არა ნარენდრა მოდი, არამედ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სუბრამანიამ ჯაიშანკარი ჩაუდგება.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაუძღვება. ის სესიაში მონაწილეობას მიიღებს და სიტყვითაც გამოვა.
BM.GE
წყარო: bm.ge