
რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის
“საბოლოო მომხმარებლის ტარიფზე გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი, გარდა სატარიფო პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობისა, დამოკიდებულია ტარიფის განმსაზღვრელ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე”, - ასე უპასუხეს სემეკში BMG-ის კითხვას, რომელიც შუამავალი კომპანიების გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვის შედეგად, საყოფაცხოვრებო ტარიფის შესაძლო გაიაფებას შეეხებოდა.
ასეთი მოლოდინი საზოგადოებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაააჩინა - მან თქვა, რომ შუამავალი კომპანიების "ჩახსნა" ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახება. კერძოდ, პრემიერის თქმით, წინა ფასთან შედარებით ქვეყანა 0.2 დოლარცენტით ნაკლებს იხდის, რაც წელიწადში რამდენიმე მილიონი ლარის დანაზოგს იძლევა და შესაძლოა, სამომავლოდ ტარიფის შემცირების საფუძველიც გახდეს.
საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან შუამავალი კომპანიების გარეშე რომ შეიძენდა, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუმცა თავად ეკონომიკის სამინისტროს და არც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ამ თემაზე ვრცელი განმარტება არ გაუვრცელებიათ.
სემეკის მიერ BMG-სთვის მომზადებულ წერილობით პასუხში დეტალურადაა ახსნილი, რა ფაქტორები მოქმედებს დენის საბოლოო ტარიფზე და ასევე, აღნიშნულია ისიც, რომ სამომხმარებლო ტარიფი ხუთწლიანი სატარიფო პერიოდით დგინდება.
სემეკის პასუხს განმარტებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"საბოლოო მომხმარებლის ელექტროენერგიის ტარიფი შედგება გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების ტარიფების ჯამისგან. გადაცემისა და განაწილების ტარიფები დგინდება ხუთწლიანი სატარიფო პერიოდისთვის, ხოლო მიწოდების ტარიფი დგინდება ყოველწლიურად. მიწოდების ტარიფის ყოველწლიური დადგენა უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვის ფასებისა და ტარიფის სხვა შემადგენელი კომპონენტების შესაძლო ცვლილებების სათანადო ასახვას სატარიფო გაანგარიშებებში.
მიწოდების ტარიფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ელექტროენერგიის შესყიდვის საპროგნოზო ღირებულება წარმოადგენს. საჯარო მომსახურების გაწევის ფარგლებში, ელექტროენერგიის მიმწოდებლების მიერ ელექტროენერგიის შესყიდვა ხორციელდება სხვადასხვა წყაროებიდან. კერძოდ, მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო ფასის ფორმირებაში მონაწილეობს, როგორც ტარიფით რეგულირებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია, ასევე ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორისგან შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგია. ხოლო, თავის მხრივ, საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება სხვადასხვა წყაროებიდან შესასყიდი, მათ შორის იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასის შემცირებამ, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს მისაწოდებელი ელექტროენერგიის საპროგნოზო ფასზე და შესაბამისად საბოლოო მომხმარებლის ტარიფზე. თუმცა, გავლენის მასშტაბი დამოკიდებულია იმპორტირებული ელექტროენერგიის საპროგნოზო რაოდენობაზე, რომელიც, თავის მხრივ, განისაზღვრება ქვეყანაში ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლებით.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფი, გარდა იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა, დამოკიდებულია სხვა ბევრ ცვალებად ფაქტორზე, მაგალითად როგორიც არის ტარიფით რეგულირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია მათ შორის ჰიდროლოგიურ პირობებზე.
შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის ტარიფზე გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან იგი, გარდა სატარიფო პერიოდში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობისა დამოკიდებულია ტარიფის განმსაზღვრელ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე", - ნათქვამია სემეკის წერილობით პასუხში, რომელსაც ხელს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აწერს.
BM.GE
წყარო: bm.ge