მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "აბრამოვიჩისთვის გადასახადებისგან თავის ასარიდებლად დოკუმენტები Deloitte-მა გააყალბა" - BBC
"აბრამოვიჩისთვის გადასახადებისგან თავის ასარიდებლად დოკუმენტები Deloitte-მა გააყალბა" - BBC

"აბრამოვიჩისთვის გადასახადებისგან თავის ასარიდებლად დოკუმენტები Deloitte-მა გააყალბა" - BBC

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 03:49|bm.ge

BBC Panorama-ს ცნობით, რომან აბრამოვიჩისთვის ქონების გადასახადებისგან თავის ასარიდებლად დოკუმენტები Deloitte-მა გააყალბა. კერძოდ, გამოცემის ცნობით, Deloitte Cyprus-მა ძველი თარიღით დაამოწმა წლიური ფინანსური ანგარიშგებები, საიდანაც რომან აბრამოვიჩის 672 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები იყო ამოღებული.

BBC Panorama-სა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიუროს ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის ოფშორულმა კომპანიებმა წარსული თარიღით შედგენილი დოკუმენტები გამოიყენეს, რათა საჯარო რეესტრიდან აქტივები ამოეღოთ და კვიპროსში გადასახადებისთვის თავი აერიდებინათ.

ლონდონის ჩელსის ყოფილი მფლობელის იურისტები აცხადებენ, რომ ის გადასახადებისგან თავის არიდებას ან ქონების დამალვას კატეგორიულად უარყოფს.

BBC-ის ინფორმაციით, აუდიტორული გიგანტის Deloitte-ის კვიპროსის ფილიალმა 2006 წელს აბრამოვიჩის კომპანია Amiscan Investments-ის 2003 წლის ფინანსური ანგარიშგება მას შემდეგ დაამტკიცა, რაც დოკუმენტაციიდან 672 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება, თვითმფრინავები და იახტები გაქრა.

აღნიშნულ აქტივებს შორის იყო მამული დასავლეთ სასექსში, ბინა ლონდონში, ვილა სამხრეთ საფრანგეთში და 147.5 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერიახტა Pelorus. მას შემდეგ, რაც Deloitte-მა ფინანსური ანგარიშგება დაამტკიცა, Amiscan-მა აქტივების სახით მხოლოდ 75 000 დოლარი მიუთითა.

ეს მონაცემები ეფუძნება კომპანია MeritServus-იდან გაჟონილ დოკუმენტებს. ლიმასოლში ბაზირებული ეს ბიზნესსერვისების ფირმა აბრამოვიჩის ოფშორულ ქსელს 1995-დან 2022 წლამდე მართავდა (თავის მხრივ, Deloitte MeritServus-ს 2005 წლამდე ფლობდა). ინფორმაციის გაჟონვა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) პროექტის, Cyprus Confidential-ის ნაწილია, რომელზეც მედია 2023 წლიდან წერს.

საქმე ისაა, რომ 2006 წელს კვიპროსმა მიიღო კანონი, რომლითაც კომპანიებს წლიური ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება დაევალათ.

BBC-ის ცნობით, აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორებმა და MeritServus-მა ამას Amiscan-ის აქტივების ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) რეგისტრირებულ მშობელ კომპანიაში გადატანით უპასუხეს - სადაც წლიური ანგარიშები კონფიდენციალური რჩება - და ეს ტრანზაქციები წარსული თარიღით, 2003 წლით გააფორმეს.

გაჟონილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Deloitte Cyprus-მა გადაამოწმა ეს დოკუმენტები და საკმარისად მიიჩნია ისინი Amiscan-ის წლიური ანგარიშიდან აქტივების ამოსაღებად.

ტრანზაქციების თარიღების შეცვლა სამართლებრივი ვალდებულებების პირდაპირი დარღვევაა.

კიდევ ერთი სქემა ეხებოდა კვიპროსულ კომპანია Kravin Investments-ს, რომელიც 2003 წელს თითქმის 2 მილიარდ დოლარს ფლობდა ნაღდი ფულის სახით. კომპანია ამ თანხაზე პროცენტს იღებდა, რომელზეც კვიპროსში გადასახადები უნდა გადაეხადა.

2005 წლის აგვისტოს წერილში, Deloitte-თან შეხვედრის შემდეგ, MeritServus-მა აბრამოვიჩის რუს ბიზნესპარტნიორებს აცნობა, რომ 2003 და 2004 წლების წლიური ანგარიშები შესწორებას საჭიროებდა. ერთ-ერთმა პარტნიორმა გეგმა ერთ თვეში დაამტკიცა.

ამის შემდეგ MeritServus-მა რეტროაქტიული დოკუმენტები შეადგინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ Kravin-ი ფულს ვირჯინიის კუნძულებზე არსებული მშობელი კომპანიის სახელით ფლობდა, რაც ნიშნავდა, რომ კვიპროსულ კომპანიას დასაბეგრი შემოსავალი არ ჰქონდა. Deloitte-ის 2005 წლის სექტემბრის წერილში ჩამოთვლილი იყო ის ცვლილებები, რომლებიც Kravin-ის საბანკო ნაშთებში, საპროცენტო შემოსავალსა და მოგება-ზარალის ანგარიშში უნდა შეეტანათ.

BBC-ის ინფორმაციით, MeritServus-მა ასევე წარსული თარიღით გააფორმა დოკუმენტები, რომლებითაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები კვიპროსული Electus Investments-იდან ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ იმავე სახელწოდების კომპანიას გადაეცა. კვიპროსული კომპანიის გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ის მხოლოდ 145 000 დოლარის აქტივებს ფლობდა.

აბრამოვიჩის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ BBC-ს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ოლიგარქმა იცოდა, ნება დართო ან გასცა განკარგულება რომელიმე დოკუმენტის გაყალბებაზე. მათი მტკიცებით, მას კომპანიების ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა არ მიუღია და სრულიად ლოგიკური იყო, რომ პროფესიულ რჩევებს ენდობოდა.

Deloitte Cyprus-ში განაცხადეს, რომ კომპანია კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს, თუმცა კონკრეტულ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან დოკუმენტები 20 წელზე მეტი ხნისაა და მათზე წვდომა აღარ აქვთ. MeritServus-მა კი Cyprus Confidential-ის სკანდალის შემდეგ საქმიანობა შეწყვიტა.

რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბი ჩელსი 2003 წელს შეიძინა. მისი მფლობელობის პერიოდში გუნდმა ხუთჯერ პრემიერლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მას, როგორც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირს, სანქციები დაუწესა, 2022 წლის მაისში კი კლუბი ტოდ ბოელისა და Clearlake Capital-ის კონსორციუმმა გამოისყიდა.

კლუბის ახალმა მფლობელებმა აბრამოვიჩის პერიოდში განხორციელებული დაუდეკლარირებელი გადახდების შესახებ თავად შეატყობინეს მარეგულირებლებს. ჩელსიმ უეფასთან და პრემიერლიგასთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ივლისში კი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) კლუბი 10 მილიონი ფუნტით დააჯარიმა და პირობითი სატრანსფერო აკრძალვა დაუწესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

BM.GE

საქართველომ 8 თვეში $29.5 მილიონის ცოცხალი ღორები იყიდა - კვლავ მხოლოდ რუსეთიდან

საქართველომ 8 თვეში $29.5 მილიონის ცოცხალი ღორები იყიდა - კვლავ მხოლოდ რუსეთიდან

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ბრინჯი ძვირდება, საქართველოში კი იმპორტი თითქმის განახევრდა - როგორია ტენდენცია?

მსოფლიო ბაზარზე ბრინჯი ძვირდება, საქართველოში კი იმპორტი თითქმის განახევრდა - როგორია ტენდენცია?

BM.GE

მცირე FDI, მოცულობითი ფულადი გზავნილები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორი ეკონომიკური კავშირი გვაქვს იტალიასთან?

მცირე FDI, მოცულობითი ფულადი გზავნილები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორი ეკონომიკური კავშირი გვაქვს იტალიასთან?

BM.GE