
ACE Group Georgia $300 მილიონის ინვესტიციას აანონსებს - როდის გაიხსნება საგარეჯოს თიზი?
საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი), რომელსაც კომპანია „ასი გრუპ ჯორჯია“ ავითარებს, ფუნქციონირებას საბოლოოდ 2027 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამის შესახებ “საქმის კურსთან” „ასი გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა აჰმედ ელგჰონემმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის განხორციელება COVID-19-ის პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ფაზა დასრულების ეტაპზეა. პროექტი, რომელიც 1.2 მილიონ კვადრატულ მეტრზე განთავსდება, თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე უმსხვილესი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, მინიმუმ $300 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და სულ მცირე 3,000 პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
კომპანიის გათვლებით, თიზ-ში მთავარი აქცენტები განახლებადი ენერგიის სექტორზე, ლოგისტიკასა და კვების მრეწველობაზე გაკეთდება. კომპანია გეგმავს მოიზიდოს ისეთი ინვესტორები, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტირებაზე არიან დამოკიდებულნი და პროდუქციის წარმოებას, გადამუშავებასა და რეექსპორტს გეგმავენ.
ინვესტორებისთვის შეთავაზებული პაკეტი, სტანდარტული საგადასახადო შეღავათების (0%-იანი მოგების გადასახადი, იმპორტისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება) გარდა, სრულ ბიზნეს ეკოსისტემას მოიცავს, რაც კომპანიებს ოპერირებას გაუმარტივებს.
“ჩვენ ვართ სამრეწველო ჯგუფი, რომელიც გლობალურ ბაზარზე უკვე 47 წელია მუშაობს და მიზანია თავისუფალ ზონის მეშვეობით სულ მცირე 300 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ საქართველოში. ძალიან მარტივია კალკულაცია, რომ ეს იქნება მინიმუმ 3000 პირდაპირი და არაპირდაპირი გზით შექმნილი ახალი სამუშაო ადგილი. საქართველოში უკეთესი მოცემულობაა, ვიდრე ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში. შეიძლება ადგილს თავისუფალ ზონის სახელი ჰქონდეს, მაგრამ იყოს ბევრი გადასახადი, მაგრამ საქართველოში კანონმდებლობით ნულოვანი გადასახადებია. ვგეგმავთ რომ ადგილზე შევქმნათ თავისუფალი ზონის ეკოსისტემა, რომელიც სამრეწველო და ასევე კომერციული მიმართულებით განვითარდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო თანდათანობით გარდაიქმნება ლოგისტიკურ ჰაბად და ეს არის ტრანსფორმაციული ჰაბი. საქართველოს მდებარეობაც, როგორც ქვეყნისა, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. განსაკუთრებით გამოირჩევა გეოგრაფიული ადგილმდებარეობით თუნდაც ბოლო პერიოდში მიმდინარე კონფლიქტისა ყურის რეგიონში. ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება განახლებადი ენერგიის მიმართულებით კომპანიების მოზიდვა, მათ შორის მწვანე წყალბადის და მზის ენერგიის კომპონენტებით, ასევე კვების მრეწველობის – შეფუთვა, გადამუშავება და ხელახალი ექსპორტი”, - აცხადებს „ასი გრუპ ჯორჯიას” დირექტორი აჰმედ ელგჰონემი.
„ასი გრუპ ჯორჯიაში” ფიქრობენ, რომ საგარეჯოს თიზი საინტერესო იქნება ისეთი ჩინური კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ წარმოება ევროპულ და ამერიკულ ბაზრებთან უფრო ახლოს გადმოიტანონ.
BM.GE
წყარო: bm.ge