
აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების 3 საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა | სეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებელ სამ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოები საქმიანობას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ, შემოწმებისას კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ზუგდიდსა და გონიოში მდებარე ობიექტები შეამოწმეს. შედეგად, ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. და ი. ქ. ზუგდიდში, ბარათაშვილის N5-სა და წერეთლის N54-ში, ხოლო ფიზიკური პირი ი. ხ. გონიოში, ანდრია პირველწოდებულის N15ბ-ში ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ამასთან, ორი მათგანი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშიც არ იყო რეგისტრირებული. შემოწმებისას ობიექტებზე ჰიგიენური ნორმებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები გამოვლინდა. ერთ-ერთ საწარმოში ასევე აღმოჩნდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სააგენტოს განცხადებით, არალეგალური საწარმოების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უწყება ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, პროდუქცია სავალდებულო აღიარების გარეშე არ აწარმოონ და საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.
BM.GE
წყარო: bm.ge