
AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს: "ON THE EDGE - შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი"
ბათუმში, 10-12 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონში“ კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2026-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. წელს ფესტივალი ათწლიან ისტორიას აღნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტრატეგიულ როლს - იყოს მთავარი პროფესიული ხიდი, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კრეატიულ ინდუსტრიებს, საერთაშორისო სააგენტოებსა და სფეროს ლიდერებს გააერთიანებს.
უკვე 10 წელია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის მთავარ ადგილად იქცა - სივრცედ, სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას იღრმავებენ და გლობალურ ტენდენციებს ეზიარებიან. 10 წლის იუბილეზე ფესტივალს 1500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრება, მათ შორის: სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები და ტექნოლოგიური ინოვატორები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
"ON THE EDGE: Festival of Creative Resistance" - ასე ჟღერს 2026 წლის საიუბილეო ფესტივალის მთავარი თეგლაინი. წლევანდელი კონცეფცია კრეატივს საკუთარ ზღვარზე განიხილავს, სადაც ორიგინალური აზროვნება, მკაფიო კომუნიკაცია და შემოქმედებითი ოსტატობა გლობალური გამოწვევების ფონზე კულტურული და პროფესიული წინააღმდეგობის მთავარ იარაღად ყალიბდება. საქართველო, თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობით, ბუნებრივად გამოხატავს „ზღვარზე“ არსებობისა და შექმნის იდეას - ბათუმი კი სწორედ ის ადგილია, სადაც დასავლური სტრატეგიული აზროვნება და აღმოსავლური შემოქმედებითი ენერგია ერთმანეთს ისტორიულად ერწყმის.
„ზღვარზე ცხოვრება, შექმნა და ბრძოლა დღეს მხოლოდ მეტაფორა აღარ არის - ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე ღირებული და გარდამსახველი კრეატიული ნამუშევრები იბადება. 10 წლის განმავლობაში AD BLACK SEA იყო და რჩება პრინციპული და ზოგჯერ რადიკალური კრეატივის თავშესაფრად. წელს ჩვენ ვიწვევთ რეკლამის, დიზაინისა და მონათესავე სფეროების გლობალურ საზოგადოებას, რათა ჩვენთან ერთად დადგნენ ზღვარზე, იზეიმონ გაბედული იდეები და ხელახლა განსაზღვრონ, თუ რა საზღვრების გარღვევა შეუძლია კრეატიულ ინდუსტრიას,“- ამბობს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის პრეზიდენტი.
ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებიან (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი და სხვა), რომლებსაც 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული 30-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი შეაფასებს. გამარჯვებული ნამუშევრები მოხვდება ისეთ გლობალურ რეიტინგებში, როგორიცაა The One Club Global Creative Rankings.
წლევანდელ სპიკერებს შორის იქნებიან:
● დევიდ დროგა (David Droga): Accenture-ის ვიცე-თავმჯდომარე; ლეგენდარული ფიგურა, რომელმაც არასტანდარტული კრეატიული გადაწყვეტებით და ინოვაციური მიდგომებით გლობალური სარეკლამო ინდუსტრია გარდაქმნა
● სინდი გელოპი (Cindy Gallop): MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და CEO; თანასწორობის ქომაგი, Cannes Lions Glass Lion-ის ჟიურის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დღეს მოძველებული ბიზნეს-მოდელების ტრანსფორმაციისთვის იბრძვის
● ნატაშა ჯენი (Natasha Jen): Pentagram New York-ის პარტნიორი; მსოფლიოს უდიდესი დამოუკიდებელი დიზაინ ქონსალთინგის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი
● მიჰნია გეორგიუ (Mihnea Gheorghiu): Le Pub-ის გლობალური კრეატიული დირექტორი; Diesel და Heineken-ის ლეგენდარული კამპანიების შემქმნელი და უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დაჯილდოვებული კრეატიული დირექტორი
● კატალინ დობრე (Catalin Dobre): McCann Worldgroup Romania-ს CCO & Co-CEO; მრავალი ჯილდოს მფლობელი და კრეატიული ლიდერი, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი გლობალურ ასპარეზზე გაიყვანა
● იოჰანა იასკოვსკა (Johanna Jaskowska): ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი; AR-ის (ე.წ. გაფართოებული რეალობის) და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი
BM.GE
წყარო: bm.ge