
ინფრასტრუქტურის სამინისტროს 51 შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა - განკარგულება
საქართველოს მთავრობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შტატგარეშე თანამშრომელთა) რაოდენობრივ შეზღუდვებზე გამონაკლისი დაუშვა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, რომელიც 2026 წლის 17 სექტემბრით თარიღდება, სამინისტროს უფლება ეძლევა 2026 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დამატებით 51 ადამიანი დაასაქმოს.
კერძოდ, განკარგულების მიხედვით:
• 40 ერთეული განისაზღვრა დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობად; • 11 ერთეული კი - არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით დასაქმებულთათვის.
დოკუმენტის თანახმად, განკარგულება ძალაში 2026 წლის 18 სექტემბრიდან შევიდა.
ამასთანავე, მთავრობის განკარგულების დანართით დამტკიცდა სამინისტროს განახლებული საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდი. საშტატო ნუსხის მიხედვით, უწყებაში სულ 163 შტატით გათვალისწინებული თანამდებობაა, მათ შორის:
• 7 სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პოზიცია; • 108 პროფესიული საჯარო მოხელის პოზიცია; • 48 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია.
16 სექტემბერს დამტკიცებული ახალი კანონის თანახმად, „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში”.
ახალი კანონის ჩანაწერის მიხედვით, დასაქმებისთვის შექმნილი კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს “საჯარო მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მისი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით".
BM.GE
წყარო: bm.ge