
ADB-თან სასესხო შეთანხმებით, წყალმომარაგებაში €400 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წყალმომარაგების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
როგორც მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, აზიის განვითარების ბანკთან სასესხო ხეკლშეკრულების საფუძველზე 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება წყალმომარაგებაში.
კობახიძის თანახმად, უკვე დასრულებულია კონკრეტული პროექტები, რომელთა საფუძველზეც 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დამატებით 3 ქალაქი.
„წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დღევანდელი მდგომარეობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დასრულდება მომავალი წლის ბოლომდე.
გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. ეს არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შედეგად, 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია წყალმომარაგებაში და ამ ყველაფრის შედეგად წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები აქედან 12 პროექტზე“, - განაცხადა პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge