
აეროპორტების გაერთიანებამ 2025 წელს ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენისთვის ₾17.9 მილიონის მარკეტინგული დაფინანსება მისცა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სახელმწიფო კომპანიამ მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების (Route Marketing and Development) პროგრამაზე 17.9 მილიონი ლარი დახარჯა.
აღნიშნული თანხა წინა წელთან შედარებით 5.233 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 41%-ით მეტია. 2024 წელს აღნიშნული ხარჯი 12.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
2025 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების პროგრამის მიზანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა, ახალი რეგულარული მარშრუტების გახსნა და უკვე არსებული მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა.
კომპანიის მმართველობით ანგარიშში მითითებულია, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პოზიციონირებაზე, როგორც რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბისა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის. მარკეტინგული აქტივობების მიზანია მგზავრთნაკადის ზრდა და ახალი ავიაკომპანიების დაინტერესება ქუთაისის აეროპორტით. თუმცა, გარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა, მარკეტინგული დაფინანსება გაიცემა თბილისის და ბათუმის აეროპორტებში შესრულებული რეისებისთვისაც.
მიმართულებების მარკეტინგის პროგრამა გულისხმობს ავიაკომპანიებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევას, რომელიც, როგორც წესი, შესრულებული რეისებისა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას უკავშირდება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, ერთ ავიაკომპანიაზე წლიური მხარდაჭერის მაქსიმალური მოცულობა 4 მილიონი ევროა.
ბოლო პერიოდში ამ მექანიზმის ფარგლებში გაფორმებულ ერთ-ერთ ხელშეკრულებას წარმოადგენს 2026 წლის 31 მაისს ნორვეგიულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Norwegian Air-თან შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ახალი რეგულარული რეისების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიას ჯამში 400,000 ევრომდე ფინანსურ სტიმულს გადაუხდის.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე Norwegian-ი თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს, ხოლო მაქსიმალური თვიური ლიმიტი 66,667 ევრო იქნება. მომდევნო ეტაპზე, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე, მხარდაჭერა ერთ მგზავრზე 35 ევრომდე შემცირდება, ხოლო თვიური ზღვარი 40,000 ევრო იქნება. მესამე ეტაპზე, 2026 წლის 28 დეკემბრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე, სტიმული 15 ევროს შეადგენს, მაქსიმალური თვიური ლიმიტი კი 13,333 ევრო იქნება.
სხვა ავიაკომპანიებისთვის გადასაცემი მიმართულების განვითარების ხარჯების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული არაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯების ზრდა 2025 წელს ქვეყანაში მგზავრთნაკადის ზრდასა და ავიაკომპანიების გაზრდილ აქტივობას უკავშირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge