
"აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა" - პაველ ჰერჩინკი ENPARD-ის შედეგებზე
ევროკავშირის წამყვანი პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ოთხი ფაზის განმავლობაში 230 მილიონ ევროს გადააჭარბა - ENPARD-ის 13-წლიანი საქმიანობის შედეგებსა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამომავლო გეგმებზე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ENPARD IV-ის სურსათის უვნებლობის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა კონკრეტული შედეგები დაასახელა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან დღემდე აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა.
"ჩვენი პროგრამა ENPARD-ის შედეგები თვალსაჩინოა. ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში, ტრენინგების, მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით, სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი 2013 წლის 33%-დან 2024 წლისთვის 15%-მდე შემცირდა. სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა. თითოეული რიცხვის მიღმა არის ფერმერული მეურნეობა, ოჯახი და სოფელი, რომლებმაც წინ გადადგეს ნაბიჯი განვითარების გზაზე.", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩის შეფასებით, განხორციელებულმა ინვესტიციამ შექმნა სამუშაო ადგილები, ხოლო საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა.
"პირადად მე დიდად ვაფასებ საქართველოს შესანიშნავ საკვებ პროდუქტებს და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნების მაღაზიების თაროებზე უფრო მეტს ვიხილავთ. თუ ეს პროდუქცია იქ უკვე გვხვდება, ეს ნაწილობრივ ჩვენი დამსახურებაცაა: ევროკავშირი უკვე 30 წელზე მეტია, მხარს უჭერს ქართველ ფერმერებსა და სოფლად მცხოვრებ თემებს.
პროგრამამ საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემა ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვა - თანაც ისე, რომ ქართულმა პროდუქტებმა თავიანთი გამორჩეული თვისებები სრულად შეინარჩუნეს", - აღნიშნა დიპლომატმა.
პაველ ჰერჩინსკიმ ქართველ ფერმერებსაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე, მდგრად სოფლის მეურნეობაში მსხვილ აგრობიზნესთან ერთად, საოჯახო მეურნეობებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ. მისივე თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზრის განვითარებისთვის მთავარი საფუძველი სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტებია:
"სურსათის უვნებლობის კუთხით ევროკავშირის სტანდარტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნდობა მარტივ პრინციპებს ეფუძნება: მწარმოებლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რასაც ყიდიან; ფერმიდან სუფრამდე პროდუქტის გზის თვალის მიდევნება შესაძლებელია; კონტროლის მექანიზმები კი - მკაფიო და სამართლიანია. ეს პრინციპები, პირველ რიგში, საქართველოს ოჯახებს იცავს, შემდეგ კი ხსნის გზას ექსპორტისთვის - მათ შორის, იმედია, ევროკავშირის ბაზარზეც".
რა იქნება ENPARD-ის შემდეგ
ელჩის განცხადებით, ENPARD-ის დასრულების მიუხედავად, მისი შედეგები - რეფორმები, ინსტიტუტები და განვითარებული უნარები - ძალაში რჩება და იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი სამომავლოდ საქართველოს კანონმდებლობასა და სტრატეგიებშიც აისახება. მან კონკრეტულ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა:
"ევროკავშირის მხარდაჭერა და ერთგულება ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას სოფლად მცხოვრებ ადამიანებში. ჩვენი ახალი ინიციატივის - "ევროკავშირი შენთან" (EU with You) - ფარგლებში, 13 მილიონ ევროზე მეტი 38 მილიონის ოდენობის საერთო თანხიდან, რომლის გამოყოფა ოქტომბერში გამოცხადდა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობას მოხმარდება. ეს დახმარება ეფუძნება ENPARD-ის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას და საფუძველს უყრის სტანდარტების დანერგვას, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს შეესაბამება", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ევროკავშირი ირიგაციაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასაც აგრძელებს: "უახლოეს მომავალში, "ზემო სამგორის" საირიგაციო სისტემის არეალში მცხოვრები 11 000 ოჯახი მისგან სარგებელს მიიღებს. ეს ინიციატივა, საქართველოში 2023 წელს მიღებულ "წყლის შესახებ" კანონის შესაბამისად, წყლის რაციონალური გამოყენების მაგალითს წარმოადგენს".
ცნობისთვის, დასრულებული პროექტი "ევროპის გუნდის" (Team Europe) ერთობლივი მუშაობის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO Georgia) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CZDA) ორგანიზებით, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელდა.
BM.GE
წყარო: bm.ge