
"აგურა (დაპრესილ) ჩაიზე მოთხოვნა მონღოლეთსა და ცენტრ. აზიის ქვეყნებშია" - "თერნალი-ჩაის" ექსპორტი 600 ტონას აღწევს
ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია "თერნალი-ჩაი" წლიურად, საშუალოდ, 600 ტონამდე პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს. კომპანიის ძირითადი საექსპორტო მიმართულება მონღოლეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნებია, სადაც სპეციფიკურ, ე.წ. მწვანე აგურა ჩაიზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.
მწვანე აგურა ჩაი დაპრესილი (აგურისებრი) ჩაის სახეობაა, რომელიც ჩვეულებრივი მწვანე ჩაისგან დამუშავების ტექნოლოგიით განსხვავდება.
"თერნალი-ჩაის" ხელმძღვანელი ფრიდონ ჩიტაძე bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ აღნიშნული პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე არ იყიდება, რადგან მასზე მოთხოვნა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში არსებობს.
"საქართველოში მწვანე აგურა ჩაი არ მოიხმარება. ამას მხოლოდ მონღოლეთი და მონღოლური წარმოშობის ხალხები იყენებენ... ჩვენთვის - ქართველებისთვის, და ზოგადად ევროპის ქვეყნებისთვის, ეს პროდუქტი არ არის არსებითი", - აღნიშნა ფრიდონ ჩიტაძემ.
მისივე თქმით, საექსპორტო პროდუქციაზე ფასებს კომპანია თავად განსაზღვრავს. ამ დროისთვის, მონღოლეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 1 კილოგრამი ჩაის საექსპორტო ფასი 1 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ყაზახეთში ექსპორტის ფასი 65 ცენტიდან იწყება.
ფრიდონ ჩიტაძე განმარტავს, რომ წარმოებისას აქტიურად გამოიყენება ჩაის გადამუშავების შედეგად დარჩენილი უხეში ფოთოლი (ნარჩენი). აღნიშნული ნედლეულის ნაწილის იმპორტი თურქეთიდან ხდება, რასაც შემდგომ ადგილობრივ, ქართულ ჩაის უმატებენ: "ჩაის გადამუშავების შედეგად რჩება ნარჩენი – უხეში ჩაი, ასე რომ ვთქვათ. მისი იმპორტი ხდება, შემდეგ ვურევთ ჩვენს მიერ დამზადებულ ჩაიში, ვაკუპაჟებთ, ვახდენთ მის დაპრესვას და შემდეგ ექსპორტზე გაგვაქვს".
"თერნალი-ჩაი" 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის გადამმუშავებელი ქარხანა ქუთაისში მდებარეობს და წლიურად 95 ტონამდე ჩაის ნარჩენს ამუშავებს. ნედლეულის ბაზის უზრუნველსაყოფად კომპანია იყენებს როგორც საკუთარ პლანტაციებს ტყიბულის რაიონში, ისე ჩაის ფოთოლს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ნედლეულის მოცულობის გაზრდის მიზნით, კომპანია პლანტაციების რეაბილიტაციას გეგმავს, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერას ეყრდნობა.
"ახლა, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაზე. წარდგენილი გვაქვს განაცხადი და მიდის მუშაობა, რომ იჯარით ავიღო პლანტაციები 25 წლით, რათა მისი რეაბილიტაცია ჩავატარო და დავასაქმო ხალხი. ამაში ფინანსურად სახელმწიფო მეხმარება", - განმარტავს ჩიტაძე.
რაც შეეხება გამოწვევებს, ფრიდონ ჩიტაძის თქმით, დარგში არსებით გამოწვევად რჩება მუშახელის სიმცირე, რაც პლანტაციებში ჩაის მოვლასა და კრეფას ართულებს.
"კადრები, როგორც ყველგან, ჭირს. მუშახელი არ არის. არ არის პლანტაციებში ჩამბარებელი, მკრეფავი..." - აცხადებს ბიზნესმენი.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საწარმოო ციკლზე ახდენს გავლენას, მეწარმის თქმით, ზაფხულის მაღალი ტემპერატურაა. ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებიდან გამომდინარე, საწარმო იძულებულია ზაფხულში მუშაობა დროებით შეაჩეროს, რათა თავიდან აიცილოს პროდუქციის დაზიანება.
"თვის ბოლოდან უნდა შევწყვიტოთ მუშაობა გარკვეული დროით, იმიტომ რომ ობის სოკოს წარმოქმნის საშიშროებაა დიდი, მაღალ ტემპერატურაში... ჩაის დაორთქლვა ხდება და შემდეგ შრობის პროცესს ტექნოლოგიურად ეშლება ხელი და ობი წარმოიქმნება, ამიტომ რისკებზე არ მივდივართ. ამის დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს და მუშაობა უნდა შეჩერდეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში", - აღნიშნავს ფრიდონ ჩიტაძე bm.ge-სთან საუბრისას.
BM.GE
წყარო: bm.ge