
აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა. ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ, ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით, აგვისტოს ბოლოს 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ივლისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდა 1.16% იყო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოს ბოლოს 14.83% შეადგინა. თვიურად, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მილიონი ლარით, ანუ 1.28%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მილიონი ლარით, ანუ 0.87%-ით მოიმატა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა 0.99% იყო.
რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ აგვისტოს ბოლოს ეროვნულ ვალუტაში 11.20 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტია. უცხოურ ვალუტაში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 21.57 მილიარდ ლარს შეადგენდა და ივლისთან შედარებით 1.29%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ამ სეგმენტში ზრდამ 1.45% შეადგინა.
ამავე პერიოდში, რეზიდენტი შინამეურნეობების დაკრედიტება 518.80 მილიონი ლარით, ანუ 1.28%-ით გაიზარდა და აგვისტოს ბოლოს 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოს ბოლოს მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.80% შეადგინა. ეს მაჩვენებელი ივლისის ბოლოსთან შედარებით 0.10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით ზრდამ 0.07 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge