
"აითიენმა" "გასტრონომ საქართველოს" და "ჰორეკა დელივერისას" 20%-იანი წილები იყიდა
"აითიენმა" "გასტრონომ საქართველოს" და "ჰორეკა დელივერისას" 20%-იანი წილები იყიდა. შესაბამისი კონცენტრაცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაადასტურა. უწყების ცნობით, საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეებზე განხორციელებული ორი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნეს.
შპს „აითიენი“ დაკავებულია ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობით. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, შპს აითიენი 2013 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 2022 წელს შეერწყა სპს “რეალკომთან”. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არტურ ტოროსიანია, ხოლო დირექტორი მარიამ დავრაშელიძე.
შპს “გასტრონომ საქართველო” კი დაკავებულია საკვები და სასმელი პროდუქტების საცალო რეალიზაციით. რეესტრის თანახმად, ის 2019 წელსაა დაფუძნებული და მისი 80%-იანი წილის მფლობელი ლუიზა ბერიანიძეა.
“ჰორეკა დელივერი” კი კვების პროდუქტების დისტრიბუციითაა დაკავებული. 2020 წელს დარეგისტრირებული კომპანიის 80%-ს გურამ რომელაშვილი ფლობს. ორივე შემთხვევაში წილის 100%-ის მფლობელი იგივე პიროვნება იყო.
როგორც კონკურენციის სააგენტო აცხადებს, სამიზნე ეკონომიკური აგენტების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონცენტრაციის შესაბამის ბაზრად ერთ შემთხვევაში საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო/სადისტრიბუციო, ხოლო მეორე შემთხვევაში საცალო რეალიზაციის დონე იქნა მიჩნეული.
შპს „აითიენის“ მიერ შპს „ჰორეკა დელივერის“ 20 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის ნაწილში, შესაბამისი ბაზრის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 2024 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო/სადისტრიბუციო რეალიზაციის დონის საერთო მოცულობამ 16 238 629 534 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი 84.73 ერთეულს გაუტოლდა. შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა 3 400 იყო. ანალიზმა ცხადყო, რომ შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებული იყო და HHI მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ (1250) მაჩვენებელს, ხოლო სამიზნე კომპანიის, შპს „ჰორეკა დელივერის“ საბაზრო წილი მცირე იყო. ამასთანავე, განსახილველ კონცენტრაციაში მონაწილე პირები არ საქმიანობდნენ ერთსა და იმავე, ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ბაზრებზე და, შესაბამისად, კონცენტრაციის დონეც არ იცვლებოდა.