
ახალგაზრდა მათემატიკოსები პროფესიის შეცვლაზე ფიქრობენ – MIT-ის კვლევა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტები აკადემიური კარიერის მიტოვებას ან პროფესიის შეცვლას განიხილავენ.
როგორც ირკვევა, 268 ახალგაზრდა მათემატიკოსის გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტთა 76% ამ აკადემიურ სფეროში დარჩენას აღარ გეგმავს. გამოკითხულთა იმავე რაოდენობამ განაცხადა, რომ AI-ის განვითარებამ კვლევების წარმოებას აზრი დაუკარგა და სულ მალე AI ამ პროცესიას სრულად შეითავსებს.
სტუდენტებში განწყობა განსაკუთრებით დრამატულად მას შემდეგ გაუარესდა, რაც სექტემბერში OpenAI-მ ნავიე-სტოქსის "ათასწლეულის პრობლემის" ამოხსნა გამოაქვეყნა, ხოლო 6 ოქტომბერს კომპანიამ ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი ამოცანების ასობით პასუხი ერთიანად გაასაჯაროვა.
ისიც უნდა ითქვას, რომ თუ გასული თვეების განმავლობაში მათემატიკოსები უნდობლობასა და შოკში იყვნენ, ამჯერად სტუდენტები აკადემიური ლიდერებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკური კვლევების აკადემიური მიმართულება სრულად არ გააქროს.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანიების პოზიციას, OpenAI და Anthropic მათემატიკოსების დასახმარებლად 15 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავენ. ამასთან, OpenAI-მ მათემატიკური ოპერაციების შესაფასებლად მრჩეველთა ჯგუფიც შექმნა, თუმცა აღნიშნული ნაბიჯები ახალგაზრდა მათემატიკოსების პოზიციას ვერ ცვლის და ვერც იმ სტუდენტების კარიერულ მომავალს დაეხმარება, რომლებიც AI-სთან დამარცხებისთვის განწირული პროფესიის შესწავლას ახალ იწყებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge