
ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა
საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
ნებისმიერი სპორტული ნაკრებისთვის თუ კლუბისთვის თაობათა ცვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული და, ამავდროულად, საინტერესო პროცესია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ახლა სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაკვირვებით ადევნებს თვალს პროცესს და ეძებს იმ ახალ სახეებს, რომლებიც მომავალში ეროვნული გუნდის ბირთვს შექმნიან. ბოლო მატჩებში ასეთ იმედისმომცემ ფიგურად ალექსანდრე მერკვილაძე მოგვევლინა, რომლის გამოჩენამაც ქართულ საკალათბურთო სივრცეში დიდი ოპტიმიზმი გააჩინა.
მერკვილაძის გზა დიდ კალათბურთში ოკეანის გაღმიდან, კოლეჯების ლიგიდან (NCAA) იწყება, სადაც მან სოლიდური გამოცდილება დააგროვა. განსაკუთრებით გამოსარჩევია “ლოიოლა მერიმაუნტ ლაიონსის“ რიგებში გატარებული 4 პროდუქტიული წელი, სადაც ქართველმა კალათბურთელმა 1000-ზე მეტი ქულა დააგროვა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ალექსანდრემ არა მხოლოდ ტექნიკური არსენალი გაიმდიდრა, არამედ გამოკვეთილი ლიდერული თვისებებიც გამოავლინა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.
ამერიკული წლების შემდეგ, კარიერის ახალი, ევროპული ეტაპი დაიწყო. ბერძნულ Aris Betsson-თან გაფორმებული 2-თვიანი კონტრაქტის შემდეგ, ქართველ ფორვარდს ნდობა ბელგიის საუკეთესო კლუბმა - “ოსტენდემ“ გამოუცხადა. ალექსანდრემ მოლოდინი პირველივე მატჩებიდან გაამართლა და შედეგად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის ყურადღებაც მიიპყრო.
მართალია, ჯიკიჩს მერკვილაძე მანამდეც ჰყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ ტრავმის გამო საბოლოო, 12-კაციან განაცხადში მოხვედრა ვერ მოახერხა - მისი ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დანიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ის ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.
დანიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში (შინ და გასვლაზე) ალექსანდრემ მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. პირველ შეხვედრაში მოედანზე არასრული 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, მომდევნო თამაშში კი მოედანზე 27 წუთი გაატარა, კვლავ 12 ქულა ჩააგდო და 8 მოხსნა შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სნაიპერული სიზუსტე: ალექსანდრემ ამ ორ შეხვედრაში 7-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ეროვნული გუნდის ორ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.