
ახდენს თუ არა სავალუტო რეზერვების შესყიდვა ინფლაციაზე გავლენას ? | ნათია თურნავას პასუხი
ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესყიდვის შედეგად საბანკო სისტემაში გაჩენილ დამატებით ლარის ლიკვიდობას მონეტარული სტერილიზაციის ინსტრუმენტებით მართავს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ოპოზიციონერი დეპუტატის, სოფიო ხორგუანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვისას ბაზარზე ლარის დამატებითი მიწოდება ხდება, რის გამოც ცენტრალურ ბანკს ლიკვიდობის დაბალანსება უწევს. მისი თქმით, ამ პროცესში სებ-ი თავდაპირველად რეფინანსირების სესხების მოცულობას ამცირებდა, ახლა კი ლარის ჭარბი ლიკვიდობის გასანეიტრალებლად სტერილიზაციის ოპერაციებს იყენებს.
"ეროვნული ბანკის მთავარი ბერკეტი, რომლითაც გავლენას ვახდენთ ფასებზე, რეფინანსირების განაკვეთია. თუმცა თვალყურს ვადევნებთ ბაზარზე ლარის მიწოდებას.
დაგეთანხმებით, რომ როდესაც ჩვენ ნაკლები გვქონდა სადოლარო შემოდინებება და რეზერვების შევსების ტემპიც არ იყო ისეთი მაღალი, ბანკებში მეტი მოთხოვნა არსებობდა ლარის ლიკვიდობაზე და აკითხავდნენ ეროვნულ ბანკს და გაჰქონდათ რეფინანსირების სესხები. დღესდღეობით ჩვენ ამ ბალანსს ვინარჩუნებთ, რომ ლარის ჭარბი ლიკვიდობა არ გაჩნდეს - როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენ მიერ დოლარის შესყიდვის შედეგად ლარი მიეწოდება ბაზარს დოლარის სანაცვლოდ, ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც პერიოდში შევამცირეთ ამ სესხების მიწოდება, რადგან ბანკებს ინტერესი არ ჰქონდათ და ახლა სტერილიზაციაზე გადავედით, იმისთვის რათა შენარჩუნდეს ბალანსი და ნორმალური ლიკვიდობის დონე, რადგან არც ჭარბი ვარგა და არც დეფიციტი ვარგა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
2026 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შესავსებად 3.1 მილიარდი დოლარი შეისყიდა. ამ ოპერაციების შედეგად საბანკო სისტემაში დაახლოებით 8.3 მილიარდი ლარის დამატებითი ლიკვიდობა გაჩნდა. პარალელურად, სებ-მა მონეტარული სტერილიზაციის სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა უცხოური ვალუტის შესყიდვით გაზრდილი ლარის მიწოდება გაენეიტრალებინა.
BM.GE
წყარო: bm.ge