
აკრძალული პროფესიები, სავალდებულო ნებართვები და ჯარიმები - დღეიდან შრომითი მიგრაციის ახალი ეტაპი დაიწყო
დღეიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულების ახალი ეტაპი იწყება. შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს, რამდენად იცავენ დამსაქმებლები და უცხოელი დასაქმებულები კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. დარღვევის შემთხვევაში, სანქციები შეეხება როგორც ბიზნესს, ისე თავად უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
1-ელ მარტს ამოქმედებული ცვლილებები მიზნად ისახავს შრომის ბაზრის დაცვას და არალეგალური დასაქმების შემცირებას. ახალი წესების მიხედვით, უცხოელთათვის საქართველოში მუშაობა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, დისტანციურად), მას სჭირდება „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება.
ნებართვის მისაღებად აუცილებელი წინაპირობაა, რომ მიგრანტი ან თვითდასაქმებული უცხოელი ფლობდეს ერთ-ერთ შემდეგ დოკუმენტს:
• შრომითი ბინადრობის ნებართვა; • D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა; • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სახის ბინადრობის ნებართვა.
ნებართვებს სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
კანონში გაწერილია მკაცრი პროცედურა დამსაქმებლებისთვის. ბიზნესი ვალდებულია, უცხოელის დასაქმებამდე ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში — Worknet.moh.gov.ge.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, დამსაქმებელს ეძლევა უფლება, წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.
მნიშვნელოვანი დეტალები:
• შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ პოზიციასა და დამსაქმებელზე, 1 წლამდე ვადით. • ნებართვის მიღების საფასურს იხდის დამსაქმებელი. • ისინი თავად ავსებენ ელექტრონულ განაცხადს და თავადვე ფარავენ საფასურს. მათზე უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობის მითითებით.
დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.
ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
• საკურიერო მომსახურება - კვოტა 0; • მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0; • გიდების სერვისი - კვოტა 0.
კანონის ნორმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას. ფინანსური სანქციები გავრცელდება როგორც კომპანიებზე, ისე დასაქმებულებზე, მათ შორის თვითდასაქმებულ უცხოელებზეც.
შრომის ინსპექცია წერს, რომ სამსახური დღეიდან აქტიურად დაიწყებს ამ რეგულაციების შესრულების მონიტორინგს.
ჯარიმების მოცულობები ასეთია:
• შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა - 2 000 ლარი (დამსაქმებელი, შრომითი იმიგრანტი ან თვითდასაქმებული უცხოელი); განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, შემდეგ ეტაპზე კი სამმაგდება. • შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან დოკუმენტაციის არწარდგენა - 1 000-დან 7 000 ლარამდე, კატეგორიისა და ბრუნვის მიხედვით; განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. • შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა - 200-დან 1 000 ლარამდე, ბიზნესის ზომის მიხედვით. • ინფორმაციის არწარდგენა ხელშეკრულების შეწყვეტა/ცვლილებაზე - 1 000 ლარი, განმეორებისას 2 000 ლარი, შემდგომში სამმაგი ოდენობა. • შრომითი საქმიანობის პირობების დარღვევა (უფლების გარეშე საქმიანობის ცვლილება) — 2 000 ლარი, განმეორებისას ორმაგი, შემდეგ კი სამმაგი.
დადგენილება სრულად
BM.GE
წყარო: bm.ge