მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობისაა და ქართულ-სერბულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს - კობახიძე
ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობისაა და ქართულ-სერბულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს - კობახიძე

ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობისაა და ქართულ-სერბულ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს - კობახიძე

BM.GE16 ივნისი, 2026, 13:10|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენაა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ კობახიძემ ვუჩიჩთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ მემკვიდრეობას, საერთო ფასეულობებსა და სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც ანალოგიურად სერბეთის სუვერენიტეტის ურყევი მხარდამჭერია. ამასთან, კობახიძემ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა სერბეთის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ.

როგორია ეკონომიკური ურთიერთობები სერბეთთან?

საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა დეტალურად განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობა. პრემიერის თქმით, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ბიზნესს და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ნაწილის, სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალზე.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, დღეს ვმასპინძლობდეთ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს. დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი, რომელიც მტკიცედ ზრუნავს საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, განმტკიცებაზე და მაქსიმუმს აკეთებს სერბი ხალხის კეთილდღეობისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, ვმასპინძლობდეთ დღეს ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს, სერბეთის პრეზიდენტს.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება, შეფასდეს, როგორც გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ყველა მიმართულებით.

საქართველოსა და სერბეთს შორის ურთიერთობები ემყარება მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ხალხთაშორისი კავშირების ხანგრძლივ ტრადიციებს. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობა და საერთო ფასეულობები. ამ კუთხითაც, ხაზი უნდა გაესვას ბატონი პრეზიდენტის განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სერბეთმა მტკიცედ იზრუნოს საკუთარი რელიგიური და ეთნიკური იდენტობის დაცვაზე, რაც განსაკუთრებულად დასაფასებელია, განსაკუთრებით, თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში. ეს ღირებულებითი კავშირი მეტად განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ქმნის ახალ იმპულსს და ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხელისუფლებები ძალიან კარგად აცნობიერებენ სუვერენიტეტის დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ბატონი პრეზიდენტის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო, ბუნებრივია, არის სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი.

მოხარული ვარ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე და განგვეხილა ჩვენი კავშირების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნვა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნეს ათვისებული. მისასალმებელია საქართველოსა და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი და ამის შემდეგ უკვე ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და, ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ეს შეთანხმება შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ქვეყნებს შორის, ინვესტიციების მოზიდვას ორივე მხარეს და ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის.

ასევე, საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია და მზად ვართ, გავაღრმაოთ პარტნიორობა სერბეთთან, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი.

დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი და გამართული შეხვედრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-სერბეთის ურთიერთობების წინსვლაში და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისა და საერთო ინტერესების საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ მსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ლიდერობით სერბეთის რესპუბლიკა ავლენს ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. მადლობა მას ამისთვის. სერბ ხალხს მინდა, ვუსურვო წინსვლა, წარმატება და ყოველივე საუკეთესო“.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ სექტორებშია საქართველოში ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასები - სტატისტიკა

რომელ სექტორებშია საქართველოში ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასები - სტატისტიკა

BM.GE

რომელი ადგილობრივი პროდუქტი (არ) გვყოფნის? - თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები

რომელი ადგილობრივი პროდუქტი (არ) გვყოფნის? - თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები

BM.GE

„მუსიკის სახლი“ ჩეხურ-ქართულ მისიაში მონაწილეობდა

„მუსიკის სახლი“ ჩეხურ-ქართულ მისიაში მონაწილეობდა

BM.GE

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE