
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი მეოთხედ, გაზრდილი ფასით გამოცხადდა
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერი ხელახლა, უკვე მეოთხედ გამოაცხადა - ახალი ფასით გამზირის რეაბილიტაცია 20 მილიონი ლარი უნდა დაჯდეს, რაც წინა ტენდერთან შედარებით 3.17 მილიონი ლარით მეტია.
წინა ტენდერი, რომელიც 28 აპრილს იყო გამოცხადებული უშედეგოდ დასრულდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ მიიღო.
პროექტი სამ ლოტად დაიყო:
• ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე: ახალი ფასი – 7,981,840 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 1,283,456 ლარი) • სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ - ბესიკის ქუჩამდე: ახალი ფასი – 5,842,569 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 928,434 ლარი) • თ. ჭოველიძის ქუჩიდან - „მერანამდე“: ახალი ფასი – 6,130,241 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 961,874 ლარი) • ჯამი: ახალი ფასი – 19,954,650 ლარი (მატება წინა ტენდერთან: 3,173,764 ლარი).
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ 2025 წელს გეგმავდა, რისთვისაც ოთხი კონტრაქტი გაფორმდა 28 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გასული წლის მარტში მერიამ ამ სამუშაოების გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მიუთითა, რომ პროექტირება გაგრძელდებოდა და 2026 წლიდან ტენდერები თავიდან გამოცხადდებოდა.
მიმდინარე წლის თებერვალში კიდევ ერთხელ გამოცხადდა შესაბამისი 12.3 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, თუმცა მარტში ცნობილი გახდა, რომ ჩაიშალა, ვინაიდან ტენდერებში წინადადებები არცერთმა კომპანიამ არ წარადგინა.
25 მარტს თბილისის ვიცე-მერმა ჩაშლილ ტენდერთან დაკავშირებით BMG-სთან განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ახალი ტენდერი გამოცხადდებოდა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დაწყება მაისის შუა რიცხვებიდან იგეგმება. "ჩვენი გეგმაა, რომ მაისის შუა რიცხვებში სამუშაოები დაიწყოს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ზაფხულის პერიოდი და სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ეს სამუშაოები უკვე დასრულებული იყოს. ამიტომ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალი ტენდერი და ის აუცილებლად ჩატარდება”, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ.