
"ალიანსი მომავლისთვის" - ევროკავშირი კანადასთან ერთად ახალ ალიანსს აფუძნებს
კანადამ და ევროკავშირმა თანამოაზრე ქვეყნების ახალი ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც მოქალაქეებისთვის "დამცავ ფარად" და არაპროგნოზირებადი გეოპოლიტიკური რისკებისგან თავდაცვის მძლავრ მექანიზმად უნდა იქცეს. ამასთან, პარტნიორები გაერთიანებაში გაწევრიანებისკენ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებენ.
მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ახალ პარტნიორობას "ალიანსი მომავლისთვის" (Alliance for the Future) უწოდეს. მათი განცხადებით, კანადასა და 27-წევრიან ბლოკს შორის "მაქსიმალურად ღრმა თანამშრომლობას უპრეცედენტო სტაბილურობისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პოტენციალი აქვს".
ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კანადა უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის სესხში მიიღებს მონაწილეობას. ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მომავალი მოლაპარაკებები ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების უფრო ინტეგრირებულ ბაზარს, სავაჭრო და სამოგზაურო შეზღუდვების შემცირებასა და ორივე მხარისთვის ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს.
გარდა ამისა, პარასკევს ბრიუსელმა და ოტავამ კანადის ევროპულ სუპერკომპიუტერულ ქსელში ჩართვის შესახებაც მიაღწიეს შეთანხმებას, რაც კანადელებს AI მოდელების მოსამზადებლად ევროპულ მანქანებზე წვდომას მისცემს.
ლიდერებმა კიდევ ერთხელ წამოჭრეს კანადის ევროკავშირის "ასოცირებულ წევრად" გახდომის პერსპექტივა. ეს სტატუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელი ტერიტორიაა, თუმცა, ფონ დერ ლაიენის თქმით, მათ აქვთ "ამბიცია, ნდობა და კრეატიულობა, რომ იგი ერთობლივად ჩამოაყალიბონ".
"ეს პარტნიორობა ვინმეს წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ ჩვენს საერთო სიძლიერეს ემსახურება", - დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ასოცირებული წევრობის იდეას ემხრობიან, მათი თქმით, ამ როლის უფრო მკაფიო ჩარჩოები 2027 წლის სამიტზე განისაზღვრება. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი უკმაყოფილო იყო კანადისთვის იურიდიულად ბუნდოვანი სტატუსის მინიჭების იდეით, რადგან შიშობენ, რომ ეს გაუგებრობას შექმნის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სრულ წევრობას ელიან. გერმანია და სხვა ქვეყნები კულუარებში ცდილობდნენ ამ ფორმულირების სამიტის დეკლარაციის პროექტიდან ამოღებას, თუმცა ფონ დერ ლაიენმა და კერნიმ ტერმინი "ასოცირებული წევრობა" სამიტზე კვლავ ღიად გამოიყენეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ კი აღნიშნა, რომ კანადა "არაევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად ევროპულია". მისი თქმით, მხარეები შეეცდებიან მიაღწიონ "ყველაზე მჭიდრო, ყველაზე ღრმა და ყველაზე ძლიერ ასოცირებას ევროკავშირსა და არაევროპულ სახელმწიფოს შორის".
BM.GE
წყარო: bm.ge