"ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მკვეთრად შემცირდა" - გამომცემლობა "მედუზა" გამოწვევებსა და წიგნების ფასებზე
BM.GE|bm.ge
"ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მკვეთრად შემცირდა", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში გამომცემლობა "მედუზას" თანადამფუძნებელმა მარიამ კვიციანმა ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" მიერ მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მცირე გამომცემლობებს ალტერნატიული დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროზე - საერთაშორისო დონორების გრანტებზე წვდომა შეუზღუდა, საქართველოში საგამომცემლო სექტორი კი ისედაც მცირე ბაზრის, გლობალურად გაძვირებული ნედლეულისა და ფინანსური რესურსების სიმცირის პირობებში ოპერირებს.
მარიამ კვიციანის შეფასებით, მათთვის, ვისაც საგამომცემლო საქმიანობის დაწყება სურს, მნიშვნელოვანია წინასწარ იმის გაცნობიერება, რომ ეს სექტორი სწრაფ ფინანსურ მოგებაზე არ არის ორიენტირებული. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმა შესაძლოა საერთოდ ვერ მოიტანოს მნიშვნელოვანი შემოსავალი.
"ეს დარგი, სხვა ინდუსტრიებთან შედარებით, გაცილებით პატარაა. ეს განპირობებულია როგორც ზოგადად წიგნის ბუნებით, ისე იმ რეალობით, რომ ქართული ენობრივი ბაზარი გლობალურ ჭრილში მცირეა. მოსახლეობის რაოდენობა და აქედან მკითხველთა პროცენტული წილი ბუნებრივად საზღვრავს და ზღუდავს ჩვენს ბაზარს.
ამ პირობებში ერთადერთი მნიშვნელოვანი გარღვევა და ზრდის პოტენციალი შეიძლება იყოს ქართული ნაწარმოებების სხვა ენებზე თარგმნა და უცხოურ ბაზრებზე გატანა, სადაც გაცილებით დიდი აუდიტორიაა", - აღნიშნავს მარიამ კვიციანი.
დამწყები და მცირე გამომცემლობების უმრავლესობა საქმიანობას საკუთარი ინვესტიციით, კერძო დაფინანსებით ან საბანკო სესხით იწყებს. მარიამ კვიციანის თქმით, ალტერნატიული ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც წლების წინ მეტ-ნაკლებად არსებობდა, დღეს კიდევ უფრო შეზღუდულია.
ადგილობრივ დონეზე ხანდახან ხელმისაწვდომია თემატური პროექტები ან უცხოური გრანტები, რომლებიც კონკრეტული ენებიდან თარგმნას აფინანსებს. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან არსებული პროგრამები საკმაოდ ლიმიტირებულია. ამასთანავე, "მედუზას" თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ გამომცემლობა პრინციპების გამო დიდი ხანია არ თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და ამ პოზიციას სექტორში ბევრი სხვა გამომცემლობაც იზიარებს.
ამ ფონზე, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უცხოურ გრანტებს შეეხო.
"ისეთი უწყინარი დაფინანსებაც მოყვა ამ ფართო საკანონმდებლო ცვლილებებში, როგორიც წიგნის თარგმნისთვის განკუთვნილი უცხოური გრანტებია. ეს პროცესებს ძალიან ართულებს. შედეგად, ზოგიერთი გრანტი საერთოდ შეწყდა, ხოლო სხვა შემთხვევებში პროცესი იმდენად პრობლემური გახდა, რომ იურისტების კონსულტაცია გვჭირდება იმის შესაფასებლად, თუ რამდენად უსაფრთხოა კომპანიისთვის ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობა.
მცირე გამომცემლობებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ იურისტების მუდმივი შტატი გვყავდეს, ახალ და ხშირად ცვალებად კანონმდებლობაში გარკვევა კი დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ ვართ "ქართული წიგნის ასოციაციის" წევრები და ასოციაციის დახმარებით, ჯგუფურად ვახერხებთ საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზებას და პოზიციების შეჯერებას. ზოგადად, ალტერნატიული დაფინანსების წყაროები მკვეთრად შემცირდა. მაგალითად, როდესაც გრანტების შესახებ კანონი მიიღეს, გაჩნდა ფორმულირება, რომ ნებართვის შემთხვევაში გაიცემოდა გარკვეული სახსრები, თუმცა პროცედურები - ვისთვის უნდა მიგვემართა, რა კრიტერიუმებით ან რა ფორმით - საერთოდ არ ყოფილა გაწერილი", - ამბობს მარიამ კვიციანი.
გამომცემლობის გაყიდვების დინამიკა მეტწილად წლიურ ჭრილში ფასდება, რადგან რეალიზაცია ძირითადად წიგნის მაღაზიების ქსელების მეშვეობით ხდება. მარიამ კვიციანის თქმით, გასული წელი ქვეყანაში არსებული საერთო ფონისა და სტრესული გარემოს გამო შედარებით პასიური იყო, თუმცა ზოგადი ინტერესი წიგნის მიმართ სტაბილურია.
რატომ გაძვირდა წიგნი და რაში იხდის მკითხველი ფულს?
მარიამ კვიციანი ადასტურებს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში წიგნის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მისი შეფასებით, ეს როგორც ზოგადი ეკონომიკური ინფლაციით, ისე გლობალური ფაქტორებითაა გამოწვეული. კერძოდ, პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული, მსოფლიოში საბეჭდი ქაღალდის დეფიციტი შეიქმნა და ნედლეული გაძვირდა, რამაც საერთაშორისო დონეზეც კი იმოქმედა წიგნის ფასზე.
ამ ტენდენციამ დასავლეთში მასობრივი წარმოების იაფიანი, მცირე ფორმატის წიგნების გაქრობა და ამ ნიშის ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა გამოიწვია, რადგან ფიზიკური ბეჭდვის თვითღირებულება ძალიან მაღალია.
გარდა საგარეო ფაქტორებისა, კვიციანის თქმით, გამომცემლობა "მედუზა" აქცენტს მაღალ ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე აკეთებს, რაც პროდუქტის საბოლოო ფასზეც აისახება:
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წიგნის ფიზიკური ხარისხი, დიზაინი და ისეთი დეტალები, რომლებიც რეალურად ზრდის თვითღირებულებას. მიგვაჩნია, რომ ეს გრძელვადიანი ინვესტიციაა - წიგნი არ არის ერთჯერადი ნივთი, მას ინახავენ, მეგობრებს ათხოვებენ, მრავალჯერ უბრუნდებიან, ამიტომ მან დროს უნდა გაუძლოს. გარდა ამისა, ელექტრონული წიგნისგან განსხვავებით, ფიზიკურ წიგნთან ინტერაქცია სასიამოვნო უნდა იყოს. ჩვენს რბილყდიან გამოცემებს აქვს ე.წ. French flaps - შიგნით ჩაკეცილი ორმაგი ყდა, რაც წიგნს სიმყარეს მატებს. ასევე, შიდა ყდაზე ვიყენებთ თემატურ ილუსტრაციებს, რაზეც მკითხველისგან ყოველთვის კარგ გამოხმაურებას ვიღებთ. თუნდაც ამ დეტალებმა წიგნის თვითღირებულება 1-2 ლარით გაზარდოს, მიგვაჩნია, რომ ეს ინვესტიცია ნამდვილად ღირს", - ამბობს კვიციანი.
"მედუზას" თანადამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხის მისაღწევად, გამომცემლობა იძულებულია წიგნები ქვეყნის გარეთ დაბეჭდოს.
"საქართველოში მხოლოდ ერთი წიგნი გვაქვს დაბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას შევუწყოთ ხელი, ქართულ ბაზარზე არსებული ტექნიკური შესაძლებლობები ხშირად არ გვაძლევს იმ სპეციფიკური დეტალების შესრულების საშუალებას, რასაც ჩვენ ვითხოვთ. ამიტომ წიგნებს თურქეთში ვბეჭდავთ და მათ იმპორტს ვახდენთ. ეს გარკვეულწილად ზრდის თვითღირებულებას, თუმცა არა დრამატულად", - განმარტავს კვიციანი.
მისივე თქმით, მიუხედავად ხარისხზე ორიენტირებული წარმოებისა, საგამომცემლო სექტორში მოგების მარჟა, სხვა ბიზნესებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. "მედუზას" პორტფელში არის ისეთი გამოცემებიც, რომლებიც ფაქტობრივად თვითღირებულებასთან ძალიან ახლოს, მინიმალური მოგებით იყიდება.
ამასთანავე, როდესაც პროდუქცია მაღაზიათა ქსელებში შედის, საბოლოო ფასს ემატება გამავრცელებლის მარჟაც. ამიტომ, როდესაც გამომცემლობა წიგნებს უშუალოდ (საიტიდან ან წიგნის ფესტივალებზე) ყიდის, ყოველთვის ცდილობს მკითხველს მაქსიმალური ფასდაკლებები შესთავაზოს, რათა ლიტერატურა ხელმისაწვდომი დარჩეს და ხელი შეუწყოს კონკრეტული ჟანრების პოპულარიზაციას საქართველოში.
"მედუზას" პირველი წიგნი 2022 წელს გამოიცა - გამომცემლობა ფენტეზისა და ფანტასტიკის ჟანრის წიგნებს აერთიანებს, კატალოგში კი 13 სათაური აქვს, რომელსაც წლის ბოლომდე კიდევ 5-მდე ნაწარმოებს შემატებს. გამომცემლობის ვებგვერდის თანახმად, წიგნების ფასი ₾11.9-დან იწყება და ₾26.9-მდე მერყეობს.