
ამ ეტაპზე, თხილის სექტორისთვის ცალკე სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება არ იგეგმება|სამინისტრო
“ამ ეტაპზე, თხილის სექტორისთვის ცალკე სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება არ იგეგმება” - ასე უპასუხეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში BMG-ის შესაბამის კითხვას.
დავით სონღულაშვილის უწყებიდან მოგვწერეს, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს ახალი თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მიმართულია ერთიან, ფართომასშტაბიან მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ყველა სექტორს, მათ შორის მეთხილე ფერმერებსაც.
თხილის სუბსიდირების პროგრამის აღდგენის საჭიროებაზე თხილის სექტორის წარმომადგენლებმა მაისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს, სადაც განხილვის თემა დარგში არსებული გამოწვევები იყო მათ შორის თხილის ხეების უეცარი ხმობა.
“განვიხილეთ, რომ სუბსიდირება ანუ ფულადი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ფერმერისთვის. მინისტრი შეგვპირდა, რომ განიხილავენ საკითხს მთავრობის სხდომაზე და მერე მოგვაწვდიან ინფორმაციას”, - თქვა "ჯეო-ნათსის" დირექტორმა ჯენერ ბელქანიამ BMG-თან, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, 21 მაისს.
BMG-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი კითხვით მიმართა და მეტი კონკრეტიზაცია მოითხოვა. კერძოდ, საქართველოში თხილის სექტორის სტრუქტურის გათვალისწინებით - თხილის ბაღების უდიდეს ნაწილს მცირე, საოჯახო მეურნეობები ფლობენ - როგორ მოიაზრებს სამინისტრო მათ მხარდაჭერას.
“სოფლად მცხოვრები მოქალაქის ან ოჯახის შემთხვევაში, რომელიც თხილის ბაღში ხეების ხმობის პრობლემას აწყდება, მათ შორის ბაქტერიით გამოწვეული დაზიანების ნიშნების გამოვლენისას, შესაძლებელია მიმართონ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ან სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს. აღნიშნული უწყებების სპეციალისტები ფერმერებს გაუწევენ კონსულტაციას დაავადების იდენტიფიცირების, ბაღის მდგომარეობის შეფასებისა და შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ მიეწოდებათ რეკომენდაციები დაავადების გავრცელების პრევენციის. დაზიანებული მცენარეების მართვისა და ბაღის მოვლის პრაქტიკების გაუმჯობესების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ზიანი”, - აცხადებენ დავით სონღულაშვილის უწყებაში.