
ამჟამად "კრიპტომატის" შემოწმება მიმდინარეობს… გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოშორებულია კომპანიის საქმიანობას|ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი ადასტურებს, რომ ამჟამად კომპანია “კრიპტომატის” შემოწმებაც მიმდინარეობს, რომელიც თანამეწილე გიორგი ბაჩიაშვილია.
როგორც BMG-ის კითხვების პასუხად, სებ-ის მიერ მომზადებულ წერილობით განმარტებაშია აღნიშნული, 2026 წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეამოწმა 51 არასაბანკო საზედამხედველო სუბიექტი.
“ამჟამად მიმდინარეობს სხვა სუბიექტების, მათ შორის კომპანია „კრიპტომატის“ შემოწმება. შესაძლო გამოვლენილი დარღვევებისა და ჩვენს მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემოწმების დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ჯარიმის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, დადგენილ ვადებში”, - აცხადებენ სებ-ში.
მარეგულირებელთან BMG-ის რამდენიმე კითხვა ეხებოდა იმ ბრალდებებსაც, რასაც კრიპტოკომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მენეჯმენტი მარეგულირებელს უყენებს. კითხვებს და პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:
BMG: კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, სებ-ის უმოქმედობის გამო შეიქმნა არათანაბარი გარემო და მათ პირდაპირ კონკურენტს - გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებულ შპს „კრიპტომატს“ მიეცა შერჩევითი უპირატესობა მომხმარებელთა იდენტიფიკაციის პროცესში. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულს და რატომ არ გავრცელდა მომხმარებელთა იდენტიფიკაციის მოთხოვნა ბაზრის ყველა ოპერატორზე ერთდროულად?
საქართველოს ეროვნული ბანკი: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი თავისი მანდატის ფარგლებში თანაბარი მიდგომით ხელმძღვანელობს ზედამხედველობას მიკუთვნებული ყველა სუბიექტის მიმართ. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება შპს „ბიტექსჩეინჯის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შერჩევითი მიდგომისა და რომელიმე კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების შესახებ.
რაც შეეხება კითხვას კლიენტთა ვერიფიკაცია-იდენტიფიკაციის შესახებ, გაცნობებთ, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნები თანაბრად ვრცელდება სექტორის ყველა წარმომადგენელზე.
კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებს კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის, კლიენტის ფიზიკურ იდენტიფიკაციას და ვერიფიკაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად დისტანციურ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას, ასევე „გადახდის თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობითკლიენტის ვერიფიკაციის პროტოკოლის“ შესაბამისად პირის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას.
როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, შპს „ბიტექსჩეინჯმა“ არაერთხელ დაარღვია ზემოაღნიშნული რეგულაციის მოთხოვნები. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, „ბიტექსჩეინჯმა“ 572 033 შემთხვევაში განახორციელა კლიენტის მომსახურება იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გარეშე, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ დარღვევაზე. შესაბამისად, გამოვლენილი დარღვევების შედეგად, შპს “ბიტექსჩეინჯს“ მხოლოდ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმის სახით დაეკისრა 572 033 000 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
BMG: “ბიტექსჩეინჯის” განცხადების თანახმადვე, გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს. რით აიხსნება აღნიშნული - გიორგი ბაჩიაშვილს ნასამართლობა მოხსნილი აქვს?
საქართველოს ეროვნული ბანკი: იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად არსებობს კომპანია [კრიპტომატის] ბენეფიციარი მესაკუთრის [გიორგი ბაჩიაშვილის] შეცვლის შემზღუდავი გარემოება (საქალაქო სასამართლოს მხრიდან კომპანიის წილზე დაწესებულია ყადაღა), ჩვენი მითითების საფუძველზე და კომპანიის წესდების გათვალისწინებით, მოხდა გიორგი ბაჩიაშვილისთვის ხმის უფლების შეჩერება. აღნიშნულის შედეგად იგი ჩამოშორებულია კომპანიის საქმიანობას.
„კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება“ - ეს არის “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც აღწერს კრიპტობაზარზე არსებულ დავას ორ მსხვილ მოთამაშეს, „კრიპტომატსა“ და „ბიტექსჩეინჯს“ შორის; დავით ორჯონიკიძის კომპანია ამბობდა, რომ ეროვნული ბანკი „ვერ ხედავს“ დარღვევებს, რომლებიც ბაჩიაშვილს კონკურენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რასაც გიორგი ბაჩიაშვილის “კრიპტომატი” კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მისდამი „ფავორიტიზმზე აბსურდულია“.
BM.GE
წყარო: bm.ge