
ანაკლიის Landlord-ის მოდელით აშენება საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად - კობახიძის სიტყვა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.
ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და შუა დერეფანში საქართველოს როლზე.
„საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თურქმენული მხარის ინტერესს საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით და მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას.
საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა თურქმენეთის პრეზიდენტმა. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთი ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.
„ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს.ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება.დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომელიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება.თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ.“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
BM.GE
წყარო: bm.ge