
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის ისტორიული პროექტის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო და პროცესი უკვე საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს გაცნობისას განაცხადა.
აღსანიშნია, რომ ეკონომიკის მინისტრმა, ტერიტორია ქვეყნის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მოინახულა. ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის ტერიტორია პირველად მოინახულა.
„გასული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა კონტრაქტორ კომპანიასთან, მასთან ერთად პირველადი კონტრაქტის ღირებულების ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და პროექტი 52 მილიონი დოლარით გაიაფდა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. ეს იქნება კომპლექსური ობიექტი, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საპორტო, ხოლო მეორე მხრივ - მომიჯნავე ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა, რაც ნავსადგურის შეუფერხებელ მუშაობას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი გარანტიაა იმისა, რომ ანაკლია ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება.
“მთავრობამ უკვე წარადგინა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი ისტორიული განახლების გეგმის გეგმა, სადაც აღინიშნა, რომ რკინიგზა ინტეგრირებული სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის ნაწილია, გაზრდილ ტვირთნაკადს კი, რომელსაც რკინიგზა გაატარებს, ძლიერი საზღვაო კარიბჭე ესაჭიროება. სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ამ მასშტაბური პროცესის ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი. რკინიგზის გაძლიერება და ანაკლიის განვითარება ურთიერთდამოკიდებულია და ისინი ერთად ქმნიან საქართველოს, როგორც რეგიონის სანდო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან დამაკავშირებელ ჰაბს”, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები.
"ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს. ეს, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას უზრუნველვყოფთ იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხით მოხდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მშენებლობა და განვითარება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებს (Design & Build) ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ახორციელებს.
ბიუჯეტიდან ანაკლიის პორტის დაფინანსების შემცირებასა და სამუშაოს მოცულობის ცვლილებაზე BMG 2025 წელს წერდა. კერძოდ, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათიდან გახდა ცნობილი, 2025 წელს შეიცვალა პორტის საპროექტო დოკუმენტაცია, კერძოდ - შეიცვალა პორტის ტალღმტეხი ნაგებობის სიგრძე და ის 1500 მეტრის ნაცვლად 1370 მეტრი იქნება. ასევე შეიცვალა და მცირედით ჩრდილოეთი წაინაცვლებს პორტის მოსაბრუნებელი ადგილის რადიუსი და ის 300 მეტრის სიგრძის ნაცვლად 271 მეტრი იქნება. მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილის და ტალღმტეხის ფართობი პირვანდელი პროექტით 123.5 ჰექტარი უნდა ყოფილიყო და ის 113.1 ჰექტარამდე შემცირდა.
მთავრობა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის - "მასტერპლანის" ალტერნატივებზე მუშაობს - დაიქირავეს კონსულტანტი
რატომ ახლდება ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურის გენგეგმა? - ეკონომიკის სამინისტროს პასუხი
ცნობისთვის, 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ზღვის ფსკერის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul მუშაობს. Jan De Nul-თან ხელშეკრულების ღირებულების შემცირების მოლოდინი არსებობდა, რის ფონზეც 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, ანაკლიის პორტის სამუშაოების დაფინანსება 100 მილიონი ლარით, 50 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, პორტმა წელიწადში დაახლოებით 600 ათასი TEU (7.8 მილიონი ტონა) გამტარიანობას უნდა მიაღწიოს. ასევე ანაკლიაში ახალი ნავსადგურის ფსკერი არანაკლებს 16 მეტრამდე უნდა დაღრმავდეს.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის კერძო ინვესტორი ამ დრომდე შერჩეული არაა. 2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმის CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა. თუმცა როგორც ცნობილია CCCC-ის აქვს კითხვები პროექტის კომერციულ რისკებზე, მთავრობა კი აცხადებს, რომ ინვესტორთან გააფორმებს მხოლოდ ისეთ შეთანხმებას, რომელიც სესხის და ტვირთების გარანტიას არ ითვალისწინებს. "6 ძირითადი საკითხია, რაც დასაზუსტებელია" - განაცხადა 2025 წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ, როცა BMG-მ CCCC-თან მოლაპარაკებების პროცესი მოიკითხა.
შეხვდა თუ არა ჩინეთში ვიზიტისას მარიამ ქვრივიშვილი CCCC-ის წარმომადგენლებს? - სამინისტროს პასუხი
BM.GE
წყარო: bm.ge