მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტს Panamax-ის; Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის ზომის გემების მიღება შეეძლება
ანაკლიის პორტს Panamax-ის; Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის ზომის გემების მიღება შეეძლება

ანაკლიის პორტს Panamax-ის; Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის ზომის გემების მიღება შეეძლება

BM.GE12 აგვისტო, 2026, 21:41|bm.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს Panamax-ის; Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის ზომის გემების მიღება შეეძლება - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პორტის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოებზე ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ორი ხომალდი იმუშავებს, საიდანაც პირველი - Tristao Da Cunha უკვე ასრულებს დარღმავების სამუშაოებს.

„Tristao Da Cunha ახორციელებს ტალღმტეხების ძირში ნიადაგის გაუმჯობესების შესაბამის დაღრმავების პროცედურებს. ეს არის დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძეზე, ხმელეთის მხრიდან 3 მეტრამდე დაღრმავება, სადაც მოხდება ნიადაგის გაუმჯობესება, ქვიშის ღორღით ჩანაცვლება. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება, რის შემდგომაც გადაინაცვლებს აკვატორიის დასაღრმავებლად. ამ მიზნის მისაღწევად, აგვისტოს ბოლოს მას შეუერთდება დაახლოებით ორჯერ დიდი შესაძლებლობის მქონე გემი, რომელიც ასევე Jan De Nul-ის ფლოტის წევრია. Tristao Da Cunha-სთან ერთად იმუშავებს ასევე Al Idrisi, რომლებიც ერთად დაიწყებენ აკვატორიის და შემოსასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავების სამუშაოებს. შედეგად, მივიღებთ 17,5 მეტრამდე დაღრმავებულ ფსკერს, რაც შესაძლებლობას იძლევა, პორტმა მიიღოს ყველაზე მძიმე ტვირთამწეობის მქონე გემები, როგორიც არის Panamax-ი, Post Panamax-ი და Bosphorus Max-ი.

„ტალღმტეხელი და შესაბამისად, დაღრმავებული აკვატორია უზრუნველყოფს ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომის, 700 მეტრამდე ნავმისადგომის მშენებლობას. ასევე, ის სრულად თავსებადია შემდგომ ფაზებთან და იძლევა მშრალი ნაყარი ტვირთებისთვის დამატებით 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობის შესაძლებლობას“- განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.

მისივე თქმით, ტალღმტეხელი და დაღრმავებული აკვატორია ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომის მშენებლობას უზრუნველყოფს. პროექტით გათვალისწინებულია 700 მეტრამდე ნავმისადგომის მოწყობა, ხოლო შემდგომ ფაზებში შესაძლებელი იქნება მშრალი ნაყარი ტვირთებისთვის დამატებით 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობაც.

რა ზომის გემებზეა საუბარი

Panamax, Post-Panamax და Bosphorusmax გემების კატეგორიები, ძირითადად, მათი ზომების, წყალშიგისა და ტვირთამწეობის მიხედვით გამოიყენება. ანაკლიის პორტის გზშ დოკუმენტაციაში აღნიშნული კატეგორიები შემდეგი პარამეტრებითაა წარმოდგენილი:

გემის კატეგორია სიგრძე სიგანე გემის სიღრმე კონტეინერების დაახლოებით რაოდენობა Panamax 294 მეტრამდე 32.3 მეტრამდე 12 მეტრამდე ~4,500–4,800 TEU Post-Panamax 295–320 მეტრამდე ~32.3–42 მეტრი ~11–14.5 მეტრი ~4,800–6,800 TEU Bosphorusmax 320 მეტრზე მეტი ~48–49 მეტრი ~14.5 მეტრი ~9,000–10,600 TEU

Panamax-ის სახელწოდება თავდაპირველად დაკავშირებულია პანამის არხის ძველ საკეტებში გემების გავლის მაქსიმალურ ზომებთან. Post-Panamax-ი ამ ზღვარზე დიდი გემების აღსანიშნავად გამოიყენება, ხოლო Bosphorusmax-ის კატეგორია უფრო დიდი ზომის გემებს მოიცავს, რომელთა პარამეტრები ბოსფორის გავლით ოპერირებისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული.

ანაკლიის პორტის განახლებული პროექტის მიხედვით, პირველი ფაზის ფარგლებში კვლავ გათვალისწინებულია 10,600 TEU-მდე ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურება.

ანაკლიის პორტის საზღვაო პარამეტრები შემცირდა

ამასთან, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განახლებული გზშ დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. თუმცა, დოკუმენტაციის თანახმად, პარამეტრების ცვლილების მიუხედავად, პორტს კვლავ უნდა შეეძლოს 10,600 კონტეინერის ტვირთამწეობის გემების მიღება.

2025 წელს სააგენტოსთან შეთანხმებულ პროექტთან შედარებით, განახლებულ ვერსიაში მცირდება როგორც ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი და მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე.

პორტის მისასვლელი არხის, მოსაბრუნებელი ადგილისა და ტალღმტეხელის საერთო ფართობი 113.1 ჰექტარიდან 105 ჰექტარამდე მცირდება. ფსკერდაღრმავების სამუშაოების მოცულობა კი დაახლოებით 7.5 მილიონი კუბური მეტრიდან 5.25 მილიონ კუბურ მეტრამდე მცირდება, რაც 30%-იანი შემცირებაა.

განახლებული პროექტით, ამოღებული მასალის სრული მოცულობა წყალქვეშა კანიონში განთავსდება და სახმელეთო ტერიტორიის ამაღლება აღარ იგეგმება.

მისასვლელი არხის სიგრძე 2 კილომეტრიდან 1.8 კილომეტრამდე მცირდება, ხოლო გარანტირებული სიღრმე მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე იცვლება. მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე კი -17.21 მეტრიდან -15.20 მეტრამდე მცირდება, მისი რადიუსი დაახლოებით 270 მეტრის დონეზე რჩება.

ამავე დროს, ტალღმტეხელის სიგრძე 6 მეტრით იზრდება და 1 376 მეტრს აღწევს. დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს ეხება და კონსტრუქციის მდგრადობის უზრუნველყოფას ემსახურება. ტალღმტეხელის წყალზედა ნაწილის პარამეტრები უცვლელი რჩება.

პარამეტრი შეთანხმებული პროექტი (2025) განახლებული პროექტი (2026) ცვლილება ფსკერდაღრმავების მოცულობა 7.5 მლნ მ³ 5.25 მლნ მ³ -30.0% საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1 ჰა 105.0 ჰა -7.2% მისასვლელი არხის სიგრძე 2,000 მ 1,800 მ -10.0% მისასვლელი არხის სიგანე 230 მ 230 მ უცვლელი მისასვლელი არხის გარანტირებული სიღრმე -20.31 მ -18.00 მ -11.3% მოსაბრუნებელი აუზის რადიუსი 270–271 მ 270 მ პრაქტიკულად უცვლელი მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე -17.21 მ -15.20 მ -11.6% ტალღმტეხელის სიგრძე 1,370 მ 1,376 მ +6 მ ტალღმტეხელის თხემის ნიშნული +1.47 მ +1.47 მ უცვლელი

ანგარიშის მიხედვით, პროექტის პარამეტრები საპროექტო და საოპერაციო მაჩვენებლების, ასევე დაზუსტებული ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე შეიცვალა.

საზღვაო პარამეტრების ცვლილებასთან ერთად, პროექტს რამდენიმე დროებითი დამხმარე ინფრასტრუქტურული ობიექტიც ემატება. მათ შორისაა დროებითი ნავმისადგომი (Jetty), სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაო, ბეტონის ქარხნისთვის მესამე სილოსი და დამატებითი რეზერვუარები, სახელოსნო, სახიფათო ნარჩენების დროებითი საცავი, ინერტული მასალების საწყობის გადახურვა და ნავთობპროდუქტების საცავში დამატებითი დიზელის რეზერვუარი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განახლებულ განაცხადთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შენიშვნების წარდგენა 18 აგვისტომდე შეუძლიათ.

პორტის მშენებლობის მოდელი შეიცვალა

2026 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს. კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტის ინფრასტრუქტურას სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც საერთაშორისო დონორებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო.

ნავმისადგომების აშენების შემდეგ სახელმწიფო პორტის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფებზე გრძელვადიანი იჯარით გაცემას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო ოპერატორების მიერ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაახლოებით 350–400 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა მოსალოდნელი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დაღრმავებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ბელგიური კომპანია Jan De Nul 2024 წლის აგვისტოდან მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტის ღირებულება 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების ღირებულება 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

კონტრაქტის ღირებულების შემცირება დაკავშირებულია პროექტის საზღვაო პარამეტრების ცვლილებასთან, მათ შორის, ფსკერიდან ამოსაღები მასალის მოცულობის, მისასვლელი არხის სიგრძისა და მისი გარანტირებული სიღრმის შემცირებასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა

22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა

BM.GE

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

BM.GE

7 თვეში საქართველოდან $18.6 მილიონის წვენები გაიყიდა

7 თვეში საქართველოდან $18.6 მილიონის წვენები გაიყიდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE