
Anthropic-ის შეფასება $965 მილიარდამდე გაიზარდა - კომპანიამ OpenAI-ს გადაუსწრო
ხელოვნურ ინტელექტის კომპანია Anthropic-მა H სერიის დაფინანსების რაუნდში $65 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება $965 მილიარდამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, შეფასების ამგვარი ზრდით მან უმთავრეს მეტოქეს, OpenAI-ს გადაუსწრო. მარტის მონაცემებით, ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია $852 მილიარდს შეადგენდა.
აღსანიშნი ფაქტია, რომ თებერვლის შემდეგ Anthropic-ის ღირებულება ორჯერ გაიზარდა. მაშინ ინვესტორები მას $380 მილიარდად აფასებდნენ. რაც შეეხება ახალი რაუნდის ფარგლებში ინვესტირებული თანხების მიზნობრიობას, Reuters-ის ცნობით, სტარტაპი რესურსს Claude-ის ჩეთბოტზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და გამოთვლითი სიმძლავრეების გასაზრდელად დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური კორპორაციული მომხმარებლების მხრიდან მზარდი ინტერესის ფონზე, კომპანიის წლიურმა ნავარაუდევმა შემოსავალმა მიმდინარე თვეში $47 მილიარდს უკვე გადააჭარბა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო თვეებში Anthropic-ი მომატებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ ახერხებს. შექმნილი ვითარების გამო ხელმძღვანელობამ პიკურ საათებში მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა. ბალანსის მისაღწევად კი კომპანია არაპიკურ პერიოდში მომხმარებლებს დამატებით გამოთვლით რესურსებს სთავაზობს.
არსებული ინფორმაციით, დაფინანსების უახლეს რაუნდს საინვესტიციო ფონდები, Altimeter Capital-ი, Dragoneer-ი, Greenoaks-ი და Sequoia Capital-ი ხელმძღვანელობდნენ. ამას გარდა, პროცესში სტრატეგიული პარტნიორების სტატუსით Micron-ი, Samsung-ი და SK Hynix-იც მონაწილეობდნენ. საყურადღებოა, რომ მიზიდული თანხა მოიცავს იმ $15 მილიარდსაც, რომლის გადახდის ვალდებულებაც მსხვილმა ტექნოლოგიურმა კორპორაციებმა აიღეს.
აღნიშნული კაპიტალი Amazon-ის $5-მილიარდიან შენატანსაც აერთიანებს. თავად ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა აპრილში პროექტში დამატებით $25 მილიარდის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი კი მიზნად Anthropic-ის მხრიდან Amazon-ის ღრუბლოვან ტექნოლოგიებში მომდევნო ათი წლის განმავლობაში $100 მილიარდის დახარჯვის უზრუნველყოფას ისახავს.