
Apple-ი iPhone Duo-ს მფლობელებს დაზიანებული ეკრანების შეცვლას ჰპირდება
Apple-მა ახალი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს შიდა ეკრანის დაზიანების შესახებ მომხმარებელთა საჩივრებს უპასუხა და მოწყობილობების AppleCare-ის გარანტიით შეცვლის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც კომპანია აცხადებს, დეფექტი მოწყობილობების მხოლოდ მცირე რაოდენობაში დაფიქსირდა. პრობლემურ ტელეფონებს საერთო აქვთ ის, რომ შიდა ეკრანის გაშლა-დაკეცვისას პიქსელები ზიანდება და თეთრი ხაზები ჩნდება.
CNBC-სთან საუბარში ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენელმა მომხმარებლებს ურჩია, ეკრანის ხარვეზის გამოვლენისთანავე მოწყობილობის ჩასანაცვლებლად AppleCare-ის სერვისს მიმართონ.
მოწყობილობების შეკეთებაზე მომუშავე კომპანია iFixit-მა სმარტფონის დეტალური დაშლის შემდეგ ეკრანის დაზიანება ჩარჩოს რთულ კონსტრუქციას დაუკავშირა. iFixit-ის სპეციალისტების შეფასებით, ხარვეზი მოწყობილობის გაშლისას ან დაკეცვისას იჩენს თავს, რასაც ხშირად სპეციფიკური ხმაც ერთვის.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კაილ ვინსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე აღნიშნა, რომ ე.წ. ანჯამა ათობით ისეთი უზუსტესი დეტალისგან შედგება, რომლებს შორისაც ქვიშის მცირე მარცვლის მოხვედრასაც კი მყიფე პანელის დაზიანება შეუძლია.
საყურადღებოა, რომ დასაკეცი ეკრანების გამძლეობის პრობლემა ინდუსტრიაში 2019 წლიდან დგას.
BM.GE
წყარო: bm.ge