
HSBC-მ $1 მილიარდის აქციების გამოსყიდვა და მოგების ზრდა დააანონსა
გავლენიანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, HSBC-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და აქციების გამოსყიდვა დააანონსა.
როგორც ირკვევა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროპის უმსხვილესმა ბანკმა $17.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მესამე კვარტალში ამ მაჩვენებელმა $18.6 მილიარდი შეადგინა. საყურადღებოა, რომ შემოსავლების ეს მოცულობა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $18.93 მილიარდს მცირედით ჩამორჩა.
ამასთან, დაბეგვრამდე კომპანიის მოგება წლიურად 32%-ით გაიზარდა და $9.63 მილიარდი შეადგინა და ექსპერტების მიერ ნავარაუდებ $9.69 მილიარდიან მოლოდინს თითქმის სრულად დაემთხვა. კვარტალური მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად, HSBC-ის ხელმძღვანელობამ თითო აქციაზე $0.10-ის ოდენობის დივიდენდი დაამტკიცა და $1 მილიარდამდე ღირებულების აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო კვარტალში ბანკის წმინდა საპროცენტო შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და $9.3 მილიარდს მიაღწია. როგორც ხელმძღვანელობამ განმარტა, დეპოზიტების ზრდამ და მაღალშემოსავლიანი სტრუქტურული ჰეჯირების რეინვესტირებამ ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია. ამას გარდა, კორპორაციული და ინსტიტუციური საბანკო საქმიანობისა და ქონების მართვის სეგმენტებში გაზრდილმა საკომისიოებმა შემოსავლების საერთო დინამიკა გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ HSBC-მ 2026 წლისთვის წმინდა საპროცენტო შემოსავლის პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა და მინიმუმ $46 მილიარდის დონეზე განსაზღვრა. ამასთან, ფინანსურმა ჯგუფმა 2026-2028 წლებისთვის მატერიალური კაპიტალის საშუალო უკუგების სამიზნე მაჩვენებელი 17%-ის ან უფრო მაღალ ნიშნულზე დატოვა.
საყურადღებოა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჰონკონგის სავაჭრო სესიაზე HSBC-ის აქციების ფასი 2.95%-ით შემცირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge