
არ ვთვლი, რომ ekalata-მდე ნაკლები კონკურენცია იყო ბაზარზე - ვანო მესტიაშვილი
Daily Group-ის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების დირექტორი ვანო მესტიაშვილი მიიჩნევს, რომ მომხმარებელს ekalata.gov.ge-ს პლატფორმის შექმნამდეც ჰქონდა სხვადასხვა ქსელებში ფასების შედარების შესაძლებლობა. მან საკითხზე "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად მომხმარებლის მეტი ინფორმირებულობა დადებითია.
მთავრობის ინიციატივით შექმნილი საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. www.ekalata.gov.ge-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ, შეადარონ ფასები წამყვან სავაჭრო ქსელებში.
ვანო მესტიაშვილი ამბობს, რომ Daily Group-ის საცალო ქსელები: „დეილი“, „სპარი“, „მაგნიტი“, „გვირილა“, „იოლი“ და „კალათა“, სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს განსხვავებულ შეთავაზებებს უკეთებენ.
"მე არ ვთვლი, რომ სანამ ekalata გვექნებოდა, იქამდე ნაკლები კონკურენცია იყო ბაზარზე. ფასების შემცირების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ გამძაფრებული კონკურენციაა და თითოეული რითეილერისგან იმის სურვილი, რომ უკეთესი შეთავაზება მისცეს საკუთარ მომხმარებელს. რაც შეეხება ჩვენს ჰოლდინგში შემავალ სხვადასხვა ბრენდებს, ჩვენ ვთვლით, რომ განსხვავებულ შეთავაზებას ვუკეთებთ სხვადასხვა ტიპის მომხმარებელს და ამიტომ, ჩვენი ყველა ბრენდი საინტერესოა.
მომხმარებელს ისედაც ჰქონდა სივრცეები, სადაც თუნდაც ციფრულად შეადარებდა ფასებს, სერვისს, სხვადასხვა ტიპის პროდუქტს და ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობა დაემატა. ამიტომ კი, დადებითი ნაბიჯია [ekalata.gov.ge-ს შექმნა], მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ღიაობისთვის და ვთვლი, რომ ზოგადად მომხმარებლის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა იქამდეც ჰქონდა მომხმარებელს შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული ყოფილიყო. ყველა რითეილერს აქვს სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლობა ონლაინ სივრცეში. გარკვეულწილად შესაძლოა ცოტა მეტი ძალისხმევის ჩადება დასჭირდებოდა მომხმარებელს, რომ ინფორმაცია ენახა, მაგრამ შესაძლებლობა არსებობდა.
ekalata არის შექმნილი ნეიტრალური მოთამაშის მხრიდან, აქ კონკრეტული ბიზნეს-ინტერესი ან კონკრეტული რითეილერის განვითარების ინტერესი არ არის. ამიტომ, შეიძლება ეს დადებით ფაქტორად წარმოვიდგინოთ, რომ ნეიტრალური მოთამაშის მიერ არის შექმნილი ეს სისტემა და მაქსიმალურად კონცენტრირებული არის იმაზე, რომ მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს და მომხმარებელმა მარტივად და სწრაფად შეძლოს ინფორმაციის მიღება",- ამბობს ვანო მესტიაშვილი.
მოგებიანობის შემცირება გვიბიძგებს, დარტყმები საკუთარ თავზე ავიღოთ და ფასებში არ ავსახოთ - Daily Group
BM.GE
წყარო: bm.ge