
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ის შემდეგ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ალიანსიც დატოვა
არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბული ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციიდან (OAPEC) გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობათშორისო ორგანიზაცია თავად ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრმა, სუჰაილ მოჰამედ ალ-მაზრუიმ სატელეფონო ინტერვიუში Reuters-ს განუცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეროვნულ ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.
"ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა წარმოების დონესთან დაკავშირებული მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ", - თქვა მაზრუიმ.
ეს ნაბიჯი 28 აპრილს საამიროების მიერ OPEC-ისა და OPEC+-ის დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. მაშინ გაერთიანებების დატოვების მიზეზად ქვეყანამ საკუთარი ნავთობის მოპოვების გაზრდაზე ფოკუსირების გეგმები დაასახელა.
1968 წელს დაარსებული OAPEC არაბულ ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად შეიქმნა. თუმცა, OPEC-ისგან განსხვავებით, ეს ორგანიზაცია თავისი წევრი ქვეყნებისთვის წარმოების პოლიტიკას (კვოტებს) არ ადგენს.
"მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ არაბთა გაერთიანებული საამიროების როლს მისი წევრობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მის აქტიურ წვლილს ნავთობისა და ენერგეტიკის სექტორში არაბული ერთობლივი ქმედებების მხარდაჭერაში, OAPEC-ის გენერალური სამდივნო ამავდროულად ადასტურებს თავის ერთგულებას, გააგრძელოს ძალისხმევა წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის გასაძლიერებლად. ეს ემსახურება საერთო ინტერესებს სტრატეგიული პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების გზით", - ნათქვამია OAPEC-ის განცხადებაში X-ზე.
საამიროების მიერ OAPEC-ის დატოვება კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის მიერ მრავალმხრივი ნავთობმოპოვების ჩარჩოებიდან დისტანცირების პროცესში.
ცნობისთვის, საამიროების სახელმწიფო კომპანია ADNOC-მა საწარმოო სიმძლავრე დღეში 5 მილიონ ბარელამდე გაზარდა, ხოლო მთავრობა ამ ნიშნულს მიზნად 2027 წლისთვის ისახავს. აქამდე ამ პროცესს OPEC-ის კვოტები აფერხებდა.
საამიროების გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა მოიცავს ADNOC-ის მეშვეობით 150 მილიარდი დოლარის კაპიტალური დანახარჯების გეგმას ენერგეტიკული ზრდის დასაჩქარებლად. OPEC-ში დარჩენა ქვეყანას აიძულებდა კვლავაც დაემორჩილებინა წარმოების კვოტებისთვის, რაც მის მოპოვებას ამ პოტენციალზე საგრძნობლად დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებდა.
ვინაიდან მოსალოდნელია, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე პიკს მიაღწევს, საამიროები მიზნად თავისი მარაგების რაც შეიძლება სწრაფ მონეტიზაციას ისახავს, სანამ მსოფლიო განახლებად ენერგიებზე კიდევ უფრო მეტად გადაერთვება. ამასთან, საამიროების ეკონომიკა სულ უფრო დივერსიფიცირებული ხდება და არასანავთობო სექტორებზე მისი მშპ-ს 70%-ზე მეტი მოდის. მისი სუვერენული სიმდიდრის ფონდები (SWFs) ერთობლივად თითქმის 3 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავენ. ეს ფინანსური ბალიში ქვეყანას საშუალებას აძლევს, მაღალი ნავთობის ფასების ნაცვლად პრიორიტეტი გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მიანიჭოს.
BM.GE
წყარო: bm.ge