
არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან
არაბული ავიაკომპანიები 2026 წელს ჯამურად 4.3 მლრდ დოლარის წმინდა ზარალს ელოდებიან. ამის შესახებ არაბული ავიაგადამზიდავების ორგანიზაციის (AACO) 2026 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც Euronews ავრცელებს.
ორგანიზაციის პროგნოზით, ავიაკომპანიების ფინანსურ შედეგებზე გავლენას გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რეგიონული კონფლიქტები, საწვავის გაძვირება და საოპერაციო შეფერხებები ახდენს. ამასთან, 2026 წელს არაბული ავიაკომპანიების საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 5.2%-ით შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ AACO აერთიანებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 არაბულ ავიაკომპანიას. ორგანიზაციის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი გადამზიდავები, როგორებიცაა Qatar Airways, Emirates, Etihad Airways და Gulf Air.
ანგარიშის თანახმად, საწვავის ხარჯები ავიაკომპანიების საოპერაციო დანახარჯების მზარდ წილს იკავებს. კერძოდ, 2026 წელს საწვავზე გაწეული ხარჯები AACO-ს წევრი კომპანიების საოპერაციო დანახარჯების 37.3%-ს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 27.9% იყო. გლობალური საავიაციო ინდუსტრიისთვის საწვავის წილი საოპერაციო ხარჯებში 31.4%-მდე გაიზრდება. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 25.4% იყო.
მიუხედავად რეგიონული ავიაკომპანიების მოსალოდნელი ზარალისა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია 2026 წელს მომგებიანობას შეინარჩუნებს. თუმცა, ორგანიზაციის პროგნოზით, სექტორის წმინდა მოგება დაახლოებით 23 მილიარდ დოლარამდე (20.5 მლრდ ევრო) შემცირდება. ეს ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, თუ პანდემიის და მის შემდგომ პერიოდს არ ჩავთვლით.
BM.GE
წყარო: bm.ge