
"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ
ევროკავშირის სამართლის სპეციალისტის, დიპლომატ დავით ბაზერაშვილის შეფასებით, საქართველო, რეალურად, არღვევს ვიზალიბერალიზაციის არსებობისთვის საჭირო სამართლებრივ კრიტერიუმებს, რის გამოც პარტნიორებს რეალური ბერკეტი აქვთ უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკებს შეეხებოდა.
"ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის", - წერია ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.
დავით ბაზერაშვილის თქმით, ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა და ევროკომისია ელოდება, გადადგამს თუ არა ქვეყანა რეალურ ნაბიჯებს. დიპლომატს მიაჩნია, რომ პროცესის გადასარჩენად უმთავრესი საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელისუფლების მხრიდან „ტყუილის დასრულებაა“.
- უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკი რამდენად რეალურია?
- სიტუაცია ასეთია: ჩვენ, ახლა, რეალურად ვარღვევთ იმ სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. მათ შორის ბევრ ფუნდამენტურ პრინციპს - ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ სტანდარტებს... მოგეხსენებათ, ცვლილებები შევიდა უშუალოდ ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის კანონმდებლობაში, სადაც ახალი საფუძვლები დაემატა. ამ ახალი კრიტერიუმების მიხედვით, ჩვენ უკვე პრაქტიკულად ყველაფერს ვარღვევთ, რაც ევროკავშირს აძლევს რეალურ ბერკეტსა და სამართლებრივ საფუძველს, რომ უვიზო რეჟიმი შეგვიჩეროს… უბრალოდ, რა აღნიშნეს და ეს ანგარიშშიც წერია: თავდაპირველად გადაწყდა, რომ შეზღუდვა მოსახლეობაზე არ გავრცელებულიყო. ეს იყო ერთგვარი მცდელობა, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ანუ თანამდებობის პირებისთვის შეეჩერებინათ; თუმცა ამავე ანგარიშში უკვე ღიად წერია, რომ, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯმა არ იმუშავა და არანაირი შედეგი არ გამოიღო - ხელისუფლებას არაფერი შეუცვლია და არც უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმების შესასრულებლად გადაუდგამს რაიმე ნაბიჯი.
- შესაბამისად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რჩება...
- დიახ, ევროკავშირში გვეუბნებიან, რომ ეს საკითხი განხილვის მაგიდაზე იქნება და მასზე შემდეგი წლის იანვარში იმსჯელებენ. ჩემი აზრით, ახლა ისეთი სიტუაციაა, როდესაც ჩვენ კი არ უნდა ველოდებოდეთ, რა მოხდება იანვარში, არამედ ევროკავშირი და ევროკომისია ელოდებიან, რა მოხდება საქართველოში. რეალურად, რეკომენდაციებიც გვაქვს და ინსტრუმენტებიც. „კარი ღიააო“ - გვეუბნებიან და გველოდებიან, გადავდგამთ თუ არა შესაბამის ნაბიჯებს. აი, ასეთი ვითარებაა.
- რას უნდა აკეთებდეს დღეს ქართველი ხალხი? უკვე თითქმის ორი წელია, პროტესტის რეჟიმში ვართ - გასაგებია, რომ პროტესტს ისეთი მასშტაბი აღარ აქვს, მაგრამ ეს ალბათ ბუნებრივია..
- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის ინფორმირებაა. ლიბერალური, ევროპული დემოკრატია სწორედ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მოდის ასეთი ზეწოლა სიტყვისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე და ამ პროცესში მასმედიის როლი უდიდესია. საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე - საქართველოს ხელისუფლება სიტყვიერად, დეკლარირებულად აცხადებს, რომ მზადაა ევროკავშირთან დიალოგისთვის, მაგრამ საქმით საპირისპიროს აკეთებს. ანტიევროპული რიტორიკა, დეზინფორმაცია და ევროკავშირის ძაგება რომც დავივიწყოთ, რაც თავისთავად მიუღებელია, ისეთი სამართლებრივი აქტების მიღება და ქმედებები, რომლებიც ქართულ დემოკრატიას უკან ხევს, სწორედ დიალოგის საწინააღმდეგოა. ფაქტობრივად, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ასეთ ვითარებაში კი არაფერი გამოვა. მგონია, რომ მსგავსი საჯარო დისკუსიებით ხალხმა რეალური სურათი უნდა დაინახოს, რადგან ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შეფარულად კეთდება - დეკლარირებულად ყოველთვის იძახიან, რომ ევროკავშირი სურთ.
- 2024 წელს, მასშტაბური პროტესტი დაიწყო “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით - 2028 წლამდე უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებაზე; შეიძლება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში პროტესტის ახალი ტალღა მივიღოთ?
- ეს ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება. ვერ გეტყვით, რა მოხდება და ნამდვილად ვერავის ვურჩევ, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს, რადგან ეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მძიმე იქნება.
- თუმცა უვიზო მიმოსვლა ხომ ერთგვარი პრივილეგიაა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიდის…
- თუ [უვიზო რეჟიმის შეჩერების] ცუდი სცენარი განვითარდა - იმედია, ასე არ მოხდება, თუმცა ალბათობა საკმაოდ მაღალია - ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. ამის გამო ევროკავშირზე კი არ უნდა გავბრაზდეთ, არამედ ხელისუფლებაზე, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დავუსვათ სიყალბეს - ტყუილი და ხალხის მოტყუება უნდა დასრულდეს. საზოგადოებას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი იმის მიხედვით, თუ ვინ ვინ არის. ხალხი აღარ უნდა მოვატყუოთ. ამ პერიოდში ყველაზე ცუდი ისაა, რომ საზოგადოებას ატყუებენ - სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლა ტყუვდება, ზოგი კი თავს იტყუებს.
BM.GE
წყარო: bm.ge