
"არაფერია საშიში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს"|მაკა ბოჭორიშვილი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრას აფასებს
"არაფერია საშიში იმაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები" - ასეთია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია ზურაბაშვილი-გალუზინის პირველ - მინსკში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
ოფიციალური თბილისისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში/საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - მიხეილ გალუზინის შეხვედრა არც დაუანონსებია, არც შეხვედრის შემდგომი ოფიციალური ინფორმაცია გაუვრცელებია, რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, მხარეები "რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ". თუმცა თავად ეს საკითხები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
მინსკის შეხვედრაზე შეთანხმებულ საკითხებზე კონკრეტიკას არც ქართული მხარე იძლევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველი კომენტარი გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას გააკეთა და ამ კუთხით მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ "მთავარი, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხებზე დიალოგის დროულად დაწყება იყო".
"როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს, პირველ რიგში, დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს. სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და იქვე დასძინა, რომ "პრობლემების მოსაგვარებლად საუბრის შიშის დაძლევა და ღია დიალოგი აუცილებელია".
„ბოლო წლებში უნდათ, რომ დანერგონ დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. რუსეთი - ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი პრობლემები და თუკი ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, საუბრის და დიალოგის გარეშე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი. შესაბამისად, პირველ რიგში რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რაც შეეხება ფორმატის შეხვედრების პრაღიდან რუსული მხარისთვის მისაღებ ადგილზე, კერძოდ, რუსეთის მოკავშირე ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გადატანას, როგორც ბოჭორიშვილი ირწმუნება, ქართულ მხარეს "არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო":
„რა თქმა უნდა, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები მონაწილეებისთვის. ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ეს ყოფილიყო მინსკში. ამ შემთხვევაში ადგილი, შეიძლება, ითქვას, სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება იმ საკითხებზე საუბრის, რა საკითხებიც არის ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.
სპეცწარმომადგენლის დანიშვნა დროში დაემთხვა, რუსეთის მიერ კონკრეტული ქართული კომპანიების პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, რაზედაც პრემიერმა განაცხადა, რომ სპეცწარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მარეგულირებლის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტზე დაწესებულ ბოლოდროინდელ შეზღუდვებს არ უკავშირდებოდა.
"საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ" სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა და მისი მანდატის გაფართოება სახიფათო ტენდენციის მაჩვენებლად შეაფასა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მანდატში "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების" დამატება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხის ქვეშ აყენებს.
BM.GE
წყარო: bm.ge