
“არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის სუბსიდია ბევრი ხარჯის კომპენსირებას გვიკეთებს” – “ქართული აგროპროდუქტები”
“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სუბსიდირება დაბალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას ახალისებს” - "ქართული აგროპროდუქტების" მმართველი პარტნიორი არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების მომხრეა.
სოსო მანჯავიძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 10-თეთრიანი დაფინანსება მოგებიანია როგორც ფერმერებისთვის, ისე გადამმუშავებელი ქარხნებისთვის, რადგან აღნიშნული შეღავათი მათ დანახარჯებს ამცირებს.
ის, რომ მთავრობა წელს გაუქმებულ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამას აბრუნებს შეტყობინება უკვე მიუვიდათ კომპანიებს. 8 ოქტომბრის განკარგულებით, სახელმწიფო ვაშლის ჩაბარებას წელსაც 10 თეთრით დაასუბსიდირებს, რაზედაც 4.5 მლნ ლარს დახარჯავს. სუბსიდირების პროგრამის პირობების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სააგენტო 18 დეკემბრამდე კომპანიაზე 10 თეთრის სუბსიდიას გასცემს, თუ ისინი 1 კგ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
“უკვე მივიღეთ ბრძანება, რომლითაც დაგვიდასტურეს, რომ სუბსიდირება მოხდება წელსაც. ეს, რა თქმა უნდა, წაადგება ფერმერებს და ჩვენთვისაც შეღავათია, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება 10 თეთრი არ ჟღერდეს ისეთ თანხად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რადგან თვითონ ვაშლი და ვაშლის პროდუქტი — ხილფაფა არ არის ძვირად ღირებული პროდუქტი, ეს 10 თეთრიც უკვე საკმაოდ ბევრ დანახარჯებისთვის კომპენსირებას გვიკეთებს. ასე რომ, ეს როგორც ჩვენთვის — მწარმოებლებისთვის, ასევე ფერმერებისთვისაც, კეთილი საქმეა. ასე მიგვაჩნია.
დაახლოებით 4 წელია, რაც ვაშლის გადამუშავებას ვახდენთ. 25 თეთრი მინიმალური თანხაა, ჩვენ 35 თეთრიც გადაგვიხდია და 45 თეთრიც არასტანდარტულ ვაშლზე, რადგან გადამუშავების კუთხით, საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც აწარმოებს ვაშლის პიურეს, ხილფაფას. შესაბამისად, არიან მსხვილი მოთამაშეები, ქარხნები, რომლებიც საკმაოდ დიდ რაოდენობით იძენენ ვაშლს. შესაბამისად, კონკურენცია კიდევ უფრო წევს ფასს”,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.
კითხვაზე, თუ ისედაც მაღალი მოთხოვნაა არასტანდარტულ ვაშლზე, რამდენად გამართლებულია სუბსიდირება, ის ასე გვპასუხობს:
“ჩვენ უკვე ვდგამთ იმ ნაბიჯს, რომ 45 თეთრი გადავიხადო ვაშლში, შესაბამისად, რომ არ გამიძვირდეს საბოლოო პროდუქტი, 10 თეთრიანი შეღავათიდან უკვე გამომდის 35 თეთრი. რა თქმა უნდა, აი, ამიტომაც. ეს ჩვენთვისაც რამხელა შეღავათია და ასევე ფერმერთანაც 10 თეთრით მეტი თანხა მიდის, ვიდრე მას ჰქონდა გათვლილი და გათვალისწინებული”,-აცხადებს სოსო მანჯავიძე.
2014 – 2025 წლებში კომპანიებმა 310 მლნ კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი შეისყიდეს, რომლის საერთო ღირებულებამ 74 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამაზე ბოლო 10 წელში 27.9 მილიონი ლარი დახარჯა. წელს პროგრამის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.
BM.GE
წყარო: bm.ge