
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართულია | სამინისტრო
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა მიმართულია თანამედროვე ბაღების გაშენებისა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისკენ - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შეწყვეტაზე BM.GE, 10 სექტებმერბს, მევაშლე ფერმერიდან მიღებული ინფორმაციისა და სამინისტროს ოფიციალურ პასუხებზე დაყრდნობით წერდა. უწყებაში განმარტავენ, რომ პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას.
რაც შეეხება თანამედროვე ბაღების გაშენების და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მხარდაჭერაზეა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ინტენსიური ბაღების ფართობების ზრდაა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში საქართველოში დაახლოებით 2.6 ათას ჰექტარზე ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.
"არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხელს უწყობდა დაბალპროდუქტიული და გადაბერებული ბაღების შენარჩუნებას, აფერხებდა ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აგრონომიული პრაქტიკის დანერგვას და ზრდიდა დაავადებების გავრცელების რისკს.
სწორედ ამიტომ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედებული აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდაჭერას თანამედროვე ბაღების გაშენების მიმართულებით აგრძელებს. პროგრამის ფარგლებში ახალი ბაღების გაშენებისთვის ფერმერის მიერ გაწეული ხარჯის 50%-ის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პირველადი წარმოების პროდუქციის გადამუშავების ხელშეწყობას, რაც ვაშლის სექტორსაც მოიცავს", - წერია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სუბსიდირების დასრულება არ ნიშნავს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შეწყვეტას. 2026 წლის 1 სექტემბერს ვაშლის კონცენტრატების მწარმოებელ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ კომპანიები მზად არიან, არასტანდარტული ვაშლი მიიღონ და გადაამუშაონ. ჩასაბარებელი ფასი ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება.
BM.GE
წყარო: bm.ge