
„მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის“ - კონკურენციის სააგენტო დემპინგურ იმპორტსა და კონსულტაციებზე
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ დროისთვის უწყებაში დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შესწავლა თუ მოკვლევა არ მიმდინარეობს.
bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ადგილობრივი წარმოებების მხრიდან დემპინგზე საუბრის ფონზე, არის თუ არა მომართვიანობა რომელიმე სექტორიდან და იკვლევს თუ არა სააგენტო რომელსამე მიმართულებას, ლექვინაძემ აღნიშნა, რომ უწყება კონსულტაციებისთვის მზადაა.
„ამ დროისათვის მოკვლევა, შესწავლა, ან რაიმე მიმართულებით დემპინგის კუთხით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში არ მიმდინარეობს. ნებისმიერ კომპანიას, ვინც თვლის, რომ მის ინდუსტრიაში, სექტორში არის დემპინგური იმპორტი და ამის მტკიცებულებათა საფუძველი ექნება, ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის ნებისმიერ მათგანთან“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
bm.ge-ს დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ პასიურობენ კომპანიები და რატომ არ მიმართავენ სააგენტოს, ლექვინაძემ განმარტა, რომ დემპინგის დამტკიცებას სერიოზული არგუმენტაცია და ინდუსტრიის ერთობლივი პოზიცია სჭირდება.
„ვერ გეტყვით. ან რეალურად არ არის საკმარისი ინფორმაცია და საკმარისი მტკიცებულებები. დემპინგი მხოლოდ ის არ არის, რომ განაცხადი მოვიდეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში და მითხრან, რომ დემპინგია. ამას სჭირდება გარკვეული მონაცემებით დასაბუთება და ასევე ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების გაერთიანება იმისთვის, რომ ეს იყოს ინდუსტრიის პრობლემა და არა რომელიმე ცალკე აღებული კომპანიის პრობლემა. ვერ გეტყვით რატომ არა, თუმცა ჩვენი უწყება ყოველთვის მზად არის ნებისმიერ ინდუსტრიასთან კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2021 წლის 1-ელი ივნისიდან უფლებამოსილია, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულება უზრუნველყოს, თუმცა იმისთვის, რომ კონკურენციის სააგენტოში დემპინგურ იმპორტზე განაცხადი დაფიქსირდეს, კომპანიამ დემპინგური იმპორტი ფაქტებით უნდა დაასაბუთოს.
BM.GE
წყარო: bm.ge