
"აშშ-ირანის მოლაპარაკებები სამშაბათს, კატარში განახლდება" - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა, რომ თეირანთან ახალი მოლაპარაკებები ჩაინიშნა. ქვეყნის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ინიციატივა ირანის მხრიდან წამოვიდა და ის მას დათანხმდა. ტრამპის განცხადებით, მხარეები ერთმანეთს სამშაბათს კატარის დედაქალაქ დოჰაში შეხვდებიან.
ტელეკომპანია NBC News-ის წყაროს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფები უკვე დადებული მემორანდუმის განხორციელების დეტალებს განიხილავენ. მედიის ცნობით, უკვე ამოქმედდა ახლო აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაციისთვის შექმნილი საკომუნიკაციო არხებიც.
საყურადღებოა, რომ თეირანში მოლაპარაკებების ჩანიშვნას კატეგორიულად უარყოფენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ კატარში ტექნიკური შეხვედრის ჩატარების ფაქტი არ დაადასტურა. დიპლომატის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც ცნობილია, უქმეებზე ჰორმუზის სრუტის გარშემო სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. სამხედრო დაპირისპირება სავაჭრო მარშრუტის თეირანის ზედამხედველობის გარეშე გახსნის მცდელობამ გამოიწვია. აშშ-ის არმიამ კომერციულ გემებზე თავდასხმის საპასუხოდ ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაბომბა. ამის შემდეგ, კვირას დილით, ირანულმა ძალებმა ბაჰრეინსა და ქუვეითზე იერიში მიიტანეს.
დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ისინი მოქმედებებს არ შეწყვეტდნენ, სამხედრო ოპერაცია განახლდებოდა, თეირანმა კი ვაშინგტონის მხრიდან იერიშების გაგრძელების შემთხვევაში მოლაპარაკებების "სრულად შეჩერების" პირობა დადო.
BM.GE
წყარო: bm.ge