
აშშ-ის ადმინისტრაცია NVIDIA-ს "ეროვნულ ჩემპიონად" დაასახელებს - WSJ
The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია Nvidia-სა და კიდევ 20-მდე ამერიკული კომპანიის ხელოვნური ინტელექტის "ეროვნულ ჩემპიონებად" დასახელებას გეგმავს.
ინფორმირებული წყაროების განმარტებით, ამ სიაში Amazon, Microsoft, OpenAI და Anthropic-იც მოხვდებიან, თავად გადაწყვეტილებას კი მომდევნო კვირას ვაჭრობის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი გამოაცხადებს.
ინიციატივის მთავარი მიზანი ჩინელ კონკურენტებთან ბრძოლაში ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაა.
პროგრამა ამერიკული ჩიპების, ხელოვნური ინტელექტის მოდელებისა და სხვა პროდუქტების ერთიან პაკეტად გაერთიანებას ითვალისწინებს, რათა უცხოელმა მომხმარებლებმა მათი შეძენა მარტივად შეძლონ.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობების მიხედვით, "ეროვნული ჩემპიონის" სტატუსის მქონე კომპანიები ჩიპებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტის ლიცენზიებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამას გარდა, მათ საზღვარგარეთ საქმიანობისას სამთავრობო მხარდაჭერა ექნებათ და ფედერალურ დაფინანსებაზე წვდომით ისარგებლებენ.
ამასთან, მარეგულირებლებს "ეროვნული ჩემპიონების" ზედმეტად ან ხელოვნურად შეფერხება აეკრძალებათ.
BM.GE
წყარო: bm.ge