
"ბარსელონამ" "კამპ ნოუს" რეკონსტრუქციისთვის დამატებით 300 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა
„ბარსელონამ“ „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციისთვის დამატებით 300 მილიონი ევროს დაფინანსება მოიპოვა. შედეგად, სტადიონის განახლების პროექტის საერთო ღირებულება 1.8 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
გასული წლის სექტემბერში გამართულ ყოველწლიურ საერთო კრებაზე კლუბის ხელმძღვანელობამ წევრებისგან თანხმობა მიიღო დამატებით 510 მილიონი ევროს ოდენობის ვალის აღებაზე. აქედან 300 მილიონი ევრო „კამპ ნოუს“ მშენებლობას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 210 მილიონი ევრო კლუბის მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას.
კლუბის პარასკევის განცხადების თანახმად, 300 მილიონი ევროს ობლიგაციების ინვესტორებზე გაყიდვის ორგანიზებაში ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs მონაწილეობდა. საპროცენტო განაკვეთი ამ ეტაპზე საჯაროდ არ გამჟღავნებულა.
„ბარსელონას“ განცხადებით, კლუბმა „კამპ ნოუს“ განახლების დასასრულებლად 300 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნული კომისიის თანხმობის მიღების შემდეგ დაასრულა.
მოზიდული თანხა „ესპაი ბარსას“ პროექტის ცენტრალური ნაწილის - „სპოტიფაი კამპ ნოუს“ გარდაქმნის დასრულებას მოხმარდება. განახლების შემდეგ სტადიონი ევროპაში ყველაზე ტევადი საფეხბურთო არენა გახდება და მაყურებელს პრემიუმ კლასის მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სივრცეების ფართო არჩევანს შესთავაზებს.
„სპაი ბარსას“ პროექტის ბიუჯეტი, რომელიც უშუალოდ „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქციასაც მოიცავს, უკვე 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხაში არ შედის ახალი „პალაუ ბლაუგრანას“ მშენებლობა, რომელიც კლუბის სხვა სპორტული გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი.
ამრიგად, „ბარსელონას“ საერთო დავალიანებამ უკვე 2 მილიარდ ევროს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და, ვალდებულებების დაფარვის ვადების გათვალისწინებით, შესაძლოა 2.6 მილიარდ ევროსაც მიაღწიოს.
BM.GE
წყარო: bm.ge