
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ბათუმში, Wondernet-ის ტერმინალს ესტუმრა
საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის, Wondernet-ის ბათუმის ტერმინალს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი ეწვია.
ბიზნეს ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორტნი ოსტრიანი შეხვდა კომპანიის დამფუძნებელს დიმიტრი აბდუშელიშვილს, ასევე გენერალურ დირექტორს, მამუკა მურჯიკნელს, რომელმაც დიპლომატს ბათუმის სასუქების ტერმინალის მუშაობის პრინციპები გააცნეს.
"საპატიო სტუმარს კომპანიის დამფუძნებელმა - დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა - მამუკა მურჯიკნელმა გააცნეს ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო, განვითარების გზები", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Wondernet-ის სასუქების ტერმინალი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წარმოებული მინერალური სასუქების გლობალურ ბაზარზე, შუა დერეფნის მეშვეობით გამტარი ლოგისტიკური ცენტრია. კომპანიის საწყობებსა და სატრანზიტო ტერმინალს 1,5 ჰა ფართობი უკავია. ტერიტორიაზე განთავსებულია სამი ნაყარი ტვირთის საწყობი საერთო მოცულობით 80,000 ტონამდე.
ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი 2021 წელს გაიხსნა. ინვესტორები ამერიკული კორპორაცია Trammo და კომპანია Wondernet Exspress Investment Group არიან. პროექტში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
BM.GE
წყარო: bm.ge