
აშშ-ის შუალედური არჩევნები: გავლენა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე|თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალი აშშ-ის შუალედური არჩევნებისა და მისი საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე გავლენას აფასებს:
3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა უმრავლესობა მოიპოვეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. შედეგად, დემოკრატების მიერ კონტროლირებულ კონგრესს სახელმწიფო ხარჯებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე მეტი გავლენა ექნება. ბაზრებმა დემოკრატების მიერ კონგრესის კონტროლი ომის დასრულების შესაძლებლობის კუთხით დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც Brent-ის ფასი 30 ოქტომბრის ბარელზე 117.64 დოლარიდან 5 ნოემბერს 95.41 დოლარამდე დაეცა. თუმცა, ვაშინგტონის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები არსებითად არ შეიცვლება, რადგან ტარიფებს და საგარეო პოლიტიკას დიდწილად თეთრი სახლი ადგენს. უახლოეს პერიოდში მთავარი რისკი ირანთან კონფლიქტის შესაძლო გამწვავებაა, განსაკუთრებით 3 იანვრამდე, ვიდრე კონგრესი ახალი შემადგენლობით მუშაობას შეუდგება.
2027 წელს მთავარი ყურადღება ბიუჯეტისა და სახელმწიფო ვალის ლიმიტის გარშემო მოსალოდნელ დავაზე გადავა. დემოკრატებს ყველაზე მეტი გავლენის მოხდენა სწორედ სახელმწიფო ხარჯებზე შეუძლიათ. თუ მხარეები ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდებიან, მთავრობის მუშაობა შესაძლოა ნაწილობრივ შეჩერდეს. ვალის ლიმიტზე შეთანხმების ვერ მიღწევა კი დეფოლტის რისკს შექმნის. ეს ეკონომიკურ აქტივობას შეაფერხებს, ხოლო დეფოლტის საფრთხე სახაზინო ობლიგაციებისა და აქციების ფასებს შეამცირებს.
საქართველოს ეკონომიკაზე არჩევნების შედეგი ძირითადად ნავთობის ფასებისა და დოლარის გლობალური კურსის გავლით აისახება. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაშიც საწვავის წვლილმა 1.8 პროცენტული პუნქტი შეადგინა. თუ ნავთობის ფასი არჩევნების შემდეგ დაფიქსირებულ შედარებით დაბალ დონეზე დარჩება, ინფლაციური ზეწოლა შემცირდება და ეროვნულ ბანკს დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაკლები საფუძველი ექნება. დოლარის ზომიერი შესუსტება ლარისთვის დადებითია, თუმცა მის მიმართ ნეიტრალურ მოლოდინს ვინარჩუნებთ, რადგან დოლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდა, ხოლო ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს უცხოური ვალუტის შესყიდვას. ვაჭრობის, ფულადი გზავნილებისა და ოქროს ექსპორტის გავლენა ერთმანეთს მეტწილად აბალანსებს, ამიტომ წმინდა სავალუტო შემოდინებებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის.
გაეცანით პუბლიკაციას სრულად და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი - შეავსეთ მოკლე კითხვარი
BM.GE
წყარო: bm.ge