
აშშ–მ თურქულ ბანკს სანქციები დაუწესა – ფინანსური ინსტიტუტი სამართლებრივი დავით იმუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ირანთან სავარაუდო კავშირების გამო თურქულ ბანკსა და მის შვილობილ კომპანიებს სანქციები დაუწესა. ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან თეირანის ეკონომიკური იზოლაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.
ხაზინის დეპარტამენტმა პარასკევს "Golden Global Yatirim Bankasi Anonim Sirketi" (Golden Global Bank) "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის – ყუდსის ძალებისთვის ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციების ხელშეწყობაში" დაადანაშაულა. უწყების განცხადებით, ბანკი ირანის მთავრობას საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომას აძლევდა საკუთარი სახსრების გადასაადგილებლად.
ვაშინგტონის მტკიცებით, ბანკი "იმ მიზნით შეიქმნა, რომ ირანის ე.წ. რაჰბარის ქსელს (ჩრდილოვანი საბანკო სისტემა) ჩინეთიდან თურქეთში ნავთობიდან მიღებული შემოსავლები გადაერიცხა" ოქროსა და ნაღდი ფულის გამოყენებით.
"Golden Global Bank"–მა ბრალდებებს პარასკევსვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის სრულად იცავს ადგილობრივ და საერთაშორისო საბანკო წესებს. ბანკი აშშ–ის მიერ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას გეგმავს.
ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ განხორციელებული არცერთი ტრანზაქცია არ ადასტურებს აშშ–ის ბრალდებებს.
"ჩვენ ყველაზე ეფექტური გზით გამოვიყენებთ გასაჩივრებისა და სამართლებრივი დაცვის ყველა უფლებას და უმოკლეს ვადებში მივიღებთ საჭირო ზომებს ამ ბრალდებებისა და გადაწყვეტილების წინააღმდეგ", – დასძინეს თურქულ ბანკში.
"ფინანსური ინსტიტუტები კვლავაც რთული გზით რწმუნდებიან, რომ ოპერაცია "ეკონომიკური განდევნის" (Operation Economic Outcast) ფარგლებში ჩვენი განზრახვები სერიოზულია", – ნათქვამია ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებაში, რომელიც უწყებამ პარასკევს გამოაქვეყნა.
სანქციების შედეგად ბანკი და მისი ორი შვილობილი კომპანია აშშ–ის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) "სპეციალურად დანიშნულ პირთა" სიაში მოხვდნენ, რაც მათთვის ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავს. თავის მხრივ, ბანკი აცხადებს, რომ OFAC–ის გადაწყვეტილებაში ნახსენები პირები და სუბიექტები "არასდროს ყოფილან და არც ამჟამად არიან" მათი კლიენტები.
თურქეთში აშშ–ის ელჩმა, ტომ ბარაკმა შაბათს განაცხადა, რომ თურქი მაღალჩინოსნების მხრიდან შეცდომა იქნება "ამ ვიწრო ღონისძიების აღქმა, როგორც თურქეთის სახელმწიფოს შეფასება".
"თურქეთის ფინანსური სისტემის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას; საქმე ეხება მხოლოდ ერთი კონკრეტული ინსტიტუტის ქმედებას", – დაწერა ბარაკმა სოციალურ ქსელ X–ში.
გასულ კვირას აშშ–მ მსგავსი ზომები მიიღო ეგვიპტის სიდიდით მეორე ბანკის წინააღმდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ირანის ჩრდილოვან საბანკო სისტემასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დამუშავების ბრალდებით.
სკოტ ბესენტმა სამშაბათს G20–ის სამიტის კულუარებში აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ეკონომიკური კამპანიის ფარგლებში სანქციების გამოცხადებას მომავალ კვირაშიც გეგმავს.
BM.GE
წყარო: bm.ge