
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი საბანკო სანქციები დააანონსა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური კამპანიის ფარგლებში ახალი საბანკო სანქციები დააანონსა. როგორც ირკვევა, ვაშინგტონი პირველი საფინანსო ინსტიტუტის დასანქცირებას მიმდინარე კვირაში, ხოლო მორიგი შეზღუდვის დაწესებას მომდევნო კვირაში გეგმავს. ამასთან, ამერიკული მხარე პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს და საერთაშორისო მოკავშირეებისგან მყარ მხარდაჭერას მოელის. ხაზინის დეპარტამენტის ახალი ინიციატივა მიზნად ირანული ბანკების დოლარის გლობალური ფინანსური სისტემიდან სრულ იზოლაციას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სანქციების სამიზნე გახდებიან საავიაციო სალიზინგო კომპანიები და ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან თანამშრომლობს. ვაშინგტონი ასევე გაყინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განთავსებულ იმ ელიტურ რეზიდენციებს, რომელთა ღირებულება $100 მილიონს აღემატება.
ბესენტის განმარტებით, ამერიკული საგამოძიებო უწყებები გუშაგთა კორპუსის აქტივებს აკონტროლებენ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებულ ტრასტულ ანგარიშებს იკვლევენ. ხაზინის მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ამ მიმართულებით მკაცრი პოზიცია აქვს და თეირანის "ეკონომიკურ ასფიქსიას" გეგმავს.
პარალელურად, ოფიციალური ვაშინგტონი პეკინთან ირანის ბირთვული შეიარაღების შეჩერებისა და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფის თაობაზე დახურულ მოლაპარაკებებს მართავს. ამას გარდა, აშშ-ის წარმომადგენლები ჩინურ მხარესთან ერთად განიხილავენ იმ ერთობლივ ნაბიჯებს, რომლებიც რეგიონში ესკალაციის რისკებს შეამცირებს.
ცნობისთვის, სკოტ ბესენტმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ეკონომიკური ზომების შესახებ განცხადება ჩრდილოეთ კაროლინაში, G20-ის ფინანსური ლიდერების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.
BM.GE
წყარო: bm.ge