
ასწლიანი იტალიური ისტორიის შემდეგ, Gucci-მ ჩინეთში დამზადებული ფეხსაცმლის მოდელი გამოუშვა
Gucci-მ “დამზადებულია ჩინეთში” იარლიყის მქონე პირველი ფეხსაცმელი გამოუშვა, რითაც იტალიურ ხარისხთან ასოცირებულ 100-წლიან ტრადიციას არღვევს.
Gucci განმარტავს, რომ ფეხსაცმლის მოდელი “Drip” Gucci-ს ახალი კრეატიული დირექტორის, დემნას მიერ ბრენდის სახელით შექმნილი პირველი ბოტასია, ის დემნას პირველი კოლექციის “Primavera”-ს ნაწილია. ფუტურისტული ვიზუალის მქონე ბოტასი სამ ვარიაციაშია ხელმისაწვდომი და მისი ფასი ევროპულ ბაზარზე 790-დან 890 ევრომდე მერყეობს.
Gucci-ში აცხადებენ, რომ ფეხსაცმლის ჩინეთში დამზადების მიზეზი ტექნიკური მოთხოვნები იყო და რომ მათ მიერ არჩეულმა მწარმოებელმა Gucci-ს ხარისხის და მახასიათებლების სრულად დაკმაყოფილება შეძლო. Gucci-ში ასევე ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ იტალია ბრენდის წარმოების და იდენტობის ცენტრში რჩება.
გადაწყვეტილება, პროდუქციის საწარმოებლად ჩინეთი აერჩიათ, კომპანიისთვის რთულ ფინანსურ პერიოდში მოდის. 2025 წელს ბრენდის შემოსავალი 22%-მდე, 6 მილიარდ ევრომდე დაეცა, ხოლო განმეორებითი საოპერაციო მოგება 40%-ით, €966 მილიონამდე შემცირდა. ამავე წელს Gucci-მ 32 მაღაზია დახურა და 2025 წელი 497 სავაჭრო ობიექტით დაასრულა.
Gucci-ს გაყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით განახევრდა, რამაც მის მშობელ კომპანია Kering-ს ბიზნესის რესტრუქტურიზაციისკენ უბიძგა. 2025 წლის სექტემბერში Kering-ის აღმასრულებელი დირექტორი Renault-ის ყოფილი ხელმძღვანელი ლუკა დე მეო გახდა. მის პრიორიტეტებს შორის ხარჯების შემცირება, ოპერაციების გამარტივება და ჯგუფის რითეილ ქსელის გადახედვაა.
Gucci-მ ასევე დაიწყო საფასო სტრატეგიის კორექტირება. Reuters-ის ინფორმაციით, ბრენდმა ცალკეულ პროდუქტებზე, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე, ფასები შეამცირა, რათა ბაზრის წილის დაბრუნება შეძლოს.
Gucci-ს პრობლემებმა Kering-ის აქციებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. Kering-ის აქციების ფასი 2025 წელს მკვეთრად შემცირდა, თუმცა 2026 წლის მეორე კვარტალში, როდესაც დემნას კრეატიული დირექტორობის ქვეშ ბრენდმა ახალი სტრატეგიის იმპლემენტაცია დაიწყო, Gucci-ს საცალო გაყიდვების დინამიკა წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.
BM.GE
წყარო: bm.ge